საქართველოს ეროვნული ნაკრები, სავარაუდოდ, ივნისში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებს ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ჩაატარებს. როგორც La Gazzetta Georgia იუწყება, ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული გუნდის შეკრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ფრანგულ გრანდში, „პარი სენ-ჟერმენში“ მოთამაშე ქართველი ვინგერი, 15 ივნისიდან მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც კვარაცხელია ნაკრებთან ერთად არ იქნება.
ცნობისთვის, 5 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე ვილი სანიოლის გუნდი ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება. 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები აფრიკის ზონის წარმომადგენელს, კაბო-ვერდეს ნაკრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.