ბელგიელებმა ვარჯიშზე იჩხუბეს | მძიმე ვითარება მარტინესის გუნდში » სპორტის ხაზი

ბელგიელებმა ვარჯიშზე იჩხუბეს | მძიმე ვითარება მარტინესის გუნდში

ბელგიელებმა ვარჯიშზე იჩხუბეს | მძიმე ვითარება მარტინესის გუნდში
29-11-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

მუნდიალის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, კერძოდ ბელგიის ნაკრებში სრული ქაოსი და არეულობაა, რაც შეუიარაღებელი თვალითაც იოლი დასანახია. როგორც ფრანგული L'equipe წერს, ყველაფერი კევინ დე ბრუინის განცხადებით დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ ბელგიის ნაკრებს მუნდიალის მოგების არანაირი შანსი არ აქვს.

ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ გუშინდელ სავარჯიშო სესიაზე ბელგიის ნაკრების ფეხბურთელებმა, კევინ დე ბრუინმა, იან ვერტონგენმა და ედენ აზარმა ერთმანეთში იჩხუბეს, რის გამოც მათ შორის გუნდური ქიმია საბოლოოდ ჩამოიშალა. თითქოს, მარტინესის გუნდს ისედაც ასაკოვანი მოთამაშეები არ ეყოფოდა, ახლა ბელგიას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაემატა, რაც მხოლოდ ხორვატიის წისქვილზე ასხამს წყალს.

ცნობისთვის, კევინ დე ბრუინი აღნიშნული განცხადებისთვის არაერთმა თანამემამულემ გააკრიტიკა. ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად კევინის საოცარი მონაცემებისა, სჯობს, რომ მან ნაკრები დატოვოს, თუ მსგავსი მენტალიტეტით აპირებს ნაკრების მაისურით მინდორზე გასვლას. გარდა ამისა, დე ბრუინის კომენტარი მედიასთან ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიეს ბელგიის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა და გუნდის ერთ-ერთმა გამოცდილმა წევრმა, იან ვერტონგენმა.

ამდენად, საინტერესო იქნება ბელგიისა და ხორვატიის მატჩის ყურება. პირველი, ცხადია, სატურნირო ინტრიგა არსებობს და გვსურს გავიგოთ, თუ რომელი ნაკრები გავა ფლეიოფში და მეორე, რამდენად დამაჯერებელი და ფსიქოლოგიურად მყარი იქნება მარტინესის გუნდი საკმაოდ ძლიერი ხორვატიის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა 1 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი