საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეთ ჩაქირი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მსაჯთა დამკვირვებელი იქნება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, ჩაქირი ბელგიაში, „ბრიუგესა“ და ტურინის „იუვენტუსის“ მატჩზე იმუშავებს – შეხვედრა 21 იანვარს ბრიუგეში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. მატჩს ფრანგი არბიტრები განსჯიან.
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეთ ჩაქირი 2023 წლის 9 აგვისტოდან ხელმძღვანელობს. ის ფიფა-სა (2006-2022) და უეფა-ს (2010-2022) ყოფილი არბიტრია, რომელიც რეგულარულად მსაჯობდა მაღალი დონის მატჩებს. საქართველსოთან პირველი შეხება 2007 წელს ჰქონდა, როდესაც პროფლიგის მიწვევით საქართველოს თასის ფინალი განსაჯა.
ცნობილმა თურქმა არბიტრმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი (2012 წელი, ესპანეთი – პორტუგალია), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი (2012, „კორინთიანსი“ – „ჩელსი“), მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი (2014, ნიდერლანდები – არგენტინა), ჩემპიონთა ლიგის ფინალი (2015, „ბარსელონა“ – „იუვენტუსი“) და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი (2018, ხორვატია – ინგლისი) განსაჯა.