სანამ კაცთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნითი ფანჯრის თამაშები ჩატარდება, ქალთა ანალოგიური ტურნირისა და მნიშვნელობის მატჩების ჯერია. 6-9 თებერვალს ქალთა ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის ბოლო, მესამე ფანჯარა ჩატარდება და აღნიშნულ მატჩებს ყველა ის ქართველი მოემსახურება, ვისაც ფიბა-ს ლიცენზია აქვს.
ასეთი სულ ოთხია: მსაჯები: მიხეილ ვართანოვი, კირილე თვაური, მარინა შალამბერიძე და კომისარი (ტექნიკური დელეგატი) მერაბ რატიშვილი. ოთხივე მათგანი სხვადასხვა ქვეყნებსა და შესაბამისად, მატჩებზე იმუშავებს. ყველაზე ახლოს, ჩვენს სამეზობლოში მოუწევს ევროშესარჩევი მატჩის მომსახურება მარინა შალამბერიძეს, რომელიც ბაქოში, აზერბაიჯანისა და პოლონეთის მატჩს იმსაჯებს.
ქრონოლოგიურად ბაქოს მატჩი პირველია და მის შემდეგ კირილე თვაურს უწევს საკმაოდ მნიშვნელოვანი, წამყვანი ნაკრებების ჯახის მომსახურება. იტალიის ქალაქ ფაენცაში ქალთა “სკუადრა აძურა” გერმანიას უმასპინძლებს. თვაურს ამ საპასუხისმგებლო მატჩის მსაჯობა მოუწევს.
9 თებერვალს იმსაჯებს მიხეილ ვართანოვი, რომელიც არანაკლებ ძლიერი გუნდების დაპირისპირებას მოემსახურება. პლოეშტში რუმინეთი თურქეთს მასპინძლობს და მიხეილიც კიდევ 2 არბიტრთან ერთად მოედანზე იქნება.
დაბოლოს, ერთადერთი ქართველი კომისარი, რომელსაც ოდესმე უკომისრია ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ მატჩებზე: მერაბ რატიშვილი ბოტევგრადულ დაპირისპირებას ტექნიკურად უდელეგატებს, რომელშიც ბულგარეთი სლოვენიას უმასპინძლებს. რატიშვილი ამ მატჩის ტექნიკური დელეგატი იქნება, რაც ნომინალურად იგივეა, რაც ევროთასების მატჩებზე კომისარი.
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
9 თებერვალი. ქალთა ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. პლოეშტი (რუმინეთი).
რუმინეთი – თურქეთი
კირილე თვაური (მსაჯი)
6 თებერვალი. ქალთა ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. ფაენცა (იტალია).
იტალია – გერმანია
მარინა შალამბერიძე (მსაჯი)
9 თებერვალი. ქალთა ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. ბაქო (აზერბაიჯანი)
აზერბაიჯანი – პოლონეთი
მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)
6 თებერვალი. ქალთა ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. ბოტევგრადი (ბულგარეთი)
ბულგარეთი – სლოვენია