ხანგრძლივი სატრანსფერო საგა ოფიციალურად დასრულდა და ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლი დატოვა, რის შემდეგაც ქართველი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი გახდა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი 77 ნომერს და ნეაპოლურ მოგონებებს იტალიაში დატოვებს, ახალ კლუბში კი თავისთვის საყვარელი 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
რას ნიშნავს პსჟ-ში თამაში? ეს ოცნების ახდენას ნიშნავს. ბევრი კარგი და დადებითი მსმენია ამ კლუბის შესახებ. ამაყი ვარ, რომ ახლა პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ვარ. მოუთმენლად ველი, რომ ამ დიდებულ კლუბს შევუერთდე და მისი მაისურით ვითამაშო.
- თქვა ხვიჩამ მედიასთან.
23 წლის ქართველი ვარსკვლავის ხელფასი სეზონში 9 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩამ პარიზულ გრანდთან საკონტრაქტო ხელშეკრულება 2029 წლამდე გააფორმა, ნაპოლი კი კვარას სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს აიღებს.