როგორც იცით, დღეს, 17:00 საათზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის H ჯგუფის ერთ-ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს უგოლო შეხვედრაში დიეგო ალონსოს ურუგვაი და პაულო ბენტოს სამხრეთ კორეა დაუპირისპირდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მატჩამდე ფავორიტად ურუგვაის საკმაოდ სიმპათიური ნაკრები მიიჩნეოდა, შეხვედრა უმეტესად თანაბრად დაძაბულ რიტმში წარიმართა და საბოლოოდ ლოგიკური ანგარიში მივიღეთ - ორივე გუნდმა თითო-თითო ქულა აიღო, რითიც კმაყოფილი როგორც სამხრეთ ამერიკული, ისე აზიური გუნდი უნდა იყოს.
მატჩის დასრულების შემდეგ, მალევე გავრცელდა სტატისტიკური ინფორმაცია, რაც ამავე შეხვედრის სანახაობაზე კარგად ნამდვილად არ მეტყველებს. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, 21-ე საუკუნის მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ურუგვაისა და სამხრეთ კორეას მატჩი გახდა პირველი შემთხვევა, სადაც კარში ზუსტი დარტყმა ვერ ვიხილეთ.
ცნობისთვის, ლუის სუარესის ურუგვაი მომდევნო შეხვედრას პორტუგალიის, ხოლო სონის სამხრეთ კორეა განას წინააღმდეგ 28 ნოემბერს გამართავს. H ჯგუფში პირველ პოზიციას პორტუგალია 3 ქულით იკავებს, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში განა უხვგოლიან თამაშში 3:2 დაამარცხა. შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციას თითო-თითო ქულით ინაწილებენ ანტირეკორდის მფლობელი გუნდები, ხოლო ბოლო პოზიციაზე განა იმყოფება, რომელსაც ქულა ჯერ საერთოდ არ აქვს.