დღეს საქართველოს ნაკრები თამაშობს. მეტოქე უკრაინაა, რომელმაც გასულ თვეს საშინელი სათამაშო პირობები დაგვახვედრა და გამარჯვებულიც თავად დარჩა. ახლა ჯერი ვილი სანიოლის გუნდზეა, რომელმაც გამარჯვების გემო ისევ უნდა დაიბრუნოს.
ჯგუფში დიდი არეულობაა. ისე დალაგდა, რომ ნაკრებს გასვლა შეუძლია როგორც პირველზე, ისე ბოლოზე. ამდენად, დასკვნით ორ მატჩში გამორიცხული საერთოდ არაფერი არ იქნება, თუმცა ერთი კი ვიცით, - პირველი ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინის დამარცხება აუცილებელია.
გასული ორი მარცხის გაანალიზება არც ისე იოლი საქმეა. უკრაინა და მისი "ოქროს" მინდვრის საფარი უკვე ვახსენეთ, თუმცა არც ალბანეთთან მატჩში იყო საქართველო კლასიკური შემადგენლობით მინდორზე გასული. ალბანელებთან გუნდის ხერხემალი, გიორგი ქოჩორაშვილი არ გვყავდა, რომელიც ვილიმ ვერცერთი სხვა ფეხბურთელით ვერ ჩაანაცვლა და სწორედ ამიტომ, მთელი ტაქტიკის გადაწყობა გადაწყვიტა. გუნდის დამრიგებელმა თამაშში ლამის ყველა შემტევი ფეხბურთელი ჩართო, რამაც მწყობრი ალბანელების წინააღმდეგ შედეგი ვერ მოგვიტანა და ზედიზედ მეორედ წავაგეთ.
ახლა სხვა სიტუაცია და რეალობაა. ბათუმში მინდვრის საფარიც კარგი იქნება და მნიშვნელოვანი დანაკლისის გარეშეც ვითამაშებთ. ერთი ისაა, რომ სასტარტოდან დვალი არ გვეყოლება, რომელიც ბოლო პერიოდში გასაოცრად გამოიყურება, თუმცა, საბედნიეროდ ამ პოზიციაზე სანიოლს არჩევანი აქვს და წესით, ლაშას ალტერნატივა უნდა მოუძებნონ.
სავარაუდო შემადგენლობა
მამარდაშვილი - კაშია, გველესიანი, ლოჩოშვილი - კაკაბაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, შენგელია, - კვარაცხელია, მიქაუტაძე (3-5-2).
ვარაუდის დონეზე, შეგვიძლია, რომ შანსი ზურიკოს სასტარტოობასაც მივცეთ. ფაქტია, დავითაშვილი ლიგა 1-ში ფანტასტიკურად გამოიყურება, რის გამოც სანიოლი გარკვეული ცვლილებების განხორციელებასაც განიხილავს. ერთი ისაა, რომ ზუკა ან მისთვის უჩვეულო პოზიციაზე უნდა დადგეს, ანუ კვარას გვერდით, ან ვილიმ სქემა უნდა შეცვალოს, რათა შემტევი-გარემარბი ზურიკო დავითაშვილისთვის შესაბამისი პოზიცია გაჩნდეს (სავარაუდოდ, დავითაშვილით კაკაბაძის ჩანაცვლება და მისთვის დაცვითი ფუნქციების გადაბარება არც განიხილება).
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ყურება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 21:00 საათიდან შეგეძლებათ.
შენიშვნა
დღეს ბათუმში მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს და ასეც გაგრძელდება, ამიტომ, შესაძლოა, რომ ვილი სანიოლმა აქცენტი ფიზიკურად ძლიერ, ტანმაღალ შემტევებზეც გააკეთოს (მაგალითად, ბუდუ ზივზივაძე), რომლებსაც საჰაერო ორთაბრძოლების მოგება და კუნთოვანი მასის გამოყენება უფრო პროდუქტიულად შეეძლებათ.