საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. პოზნანში, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.
"მოახლოებულ მატჩებს ჯგუფის ლიდერის სტატუსით ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ. მაგრამ, პროგრესი მუდმივია, არასდროს უნდა შევჩერდეთ და საჭიროა, რომ წინსვლა გავაგრძელოთ.
დიდად არ მიყვარს მეტოქეებზე საუბარი, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინა ინდივიდუალურად ძლიერი გუნდია, თუმცა ისიც ვიცით, რომ ძალა ჩვენშია. ძალას გვაძლევს ის ერთიანობა, არა მხოლოდ იმ 23 მოთამაშის, რომლებიც დღეს აქ ვართ, არამედ მთელი ქვეყნის.
ძალიან სასიამოვნო იყო გოლების გატანა, თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ვაჩვენოთ ერთმანეთს და მომავალ თაობას, რომელიც გვიყურებს, ის ძალა და ერთიანობა, რათა ისწავლონ, რომ ამით ბევრის მიღწევა შეგვიძლია."
- ამბობს "ქოჩორა".