როგორც იცით, 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მაროკოს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, სადაც ჩვენს გუნდს რამდენიმე საკვანძო მოთამაშე დააკლდება. ამიტომ, საინტერესოა თუ როგორ ტაქტიკასა და შემადგენლობას უნდა ველოდოთ აფრიკული გუნდის წინააღმდეგ.
დიდი ალბათობით, კარებში ვალენსიას ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ესპანეთის ჩემპიონატის გამოცდილების მქონე გიორგი მამარდაშვილი დადგება, რომელიც "ღამურების" შემადგენლობაში მუდმივად დამაჯერებლად თამაშობს და უკვე არაერთი სპორტული მედია იუწყება, რომ ქართველის გადაბირებით სხვადასხვა წამყვანი კლუბები ინტერესდებიან.
რაც შეეეხება დაცვას, მოსალოდნელია, რომ აქ გურამ კაშია და კრემონეზეს ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ვნახოთ, რომელსაც საგრძნობი პროგრესი აქვს. გარდა ამისა, საქართველოში დებიუტანტიც გვყავს და ის გიორგი გოჩოლეიშვილია, რომელიც დონეცკის შახტარმა რამდენიმე დღის წინ გაიფორმა. ამიტომ, გიორგის სასტარტოში ნახვა არ უნდა გაგვიკვირდეს, ისე როგორც საბა საზონოვის შემთხვევაშია.
ნახევარდაცვაში დიდი არჩევანია და რადგან საქმე ამხანაგურ შეხვედრასთან გვაქვს, წინასწარ რთულია განსაზღვრო, თუ როგორი ცენტრით დაიწყებს თამაშს ვილი სანიოლი. თუმცა, მაინც შეიძლება ერთი მოთამაშის გამოყოფა და ის სანდრო ალთუნაშვილია, რომელიც ბათუმის დინამოში თამაშობს. აღსანიშნავია, რომ სანდროს გამოძახებას გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ და საბოლოოდ, ქართველი ნახევარმცველი ნაკრებში გამოიძახეს. დიდი ალბათობით, სანდრო ალთუნაშვილს თავის გამოჩენისა და ძალების დემონსტრირების შესაძლებლობა მიეცემა. ასევე, საინტერესო იქნება ოთარ კიტეიშვილის ნახვაც, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა. ყველასთვის ნათელია, რომ კიტე ნახევარდაცვაში დიდი ძალაა და მისი უნარი, რომ ბურთი გადაანაწილოს და თამაშის ტემპი აკონტროლოს, ცხადია, რომ ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარება.
შეტევის თვალსაზრისით, არჩევანი შევიწროებულია, რადგან ვერც ხვიჩა კვარაცხელიას ვიხილავთ, რომელსაც წელის ტკივილი აწუხებს და დიდი შანსია, რომ ჩაკვემაც ცოტა ითამაშოს. შესაბამისად, შანსი სხვა ფეხბურთელებს მიეცემათ, ხოლო რა ფორმაციას მოერგებიან ისინი, ამას მხოლოდ 17 ნოემბერს გავიგებთ.