საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. ქართული მედიის ყურადღება, რა თქმა უნდა, ამ თამაშისკენ არის მიმართული, რადგან პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში "ჯვაროსნები" მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.
ხვალინდელ შეხვედრაში დამატებით მოტივაცია სხვა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად გიორგი მიქაუტაძეს ექნება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირია 2 გოლით.
ასევე, ახალგაზრდა ფორვარდმა ლეგენდარული ანდრეი შევჩენკოს შედეგი გაიმეორა, რაც ორმაგად სასიხარულოა. საქმე ისაა, რომ გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლის ავტორი გახდა დიდ ტურნირზე. ბოლოს ასეთი ანდრეი შევჩენკო იყო - 2012 წელს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია-საქართველოს დაპირისპირება 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ფელტინს არენაზე გაიმართება.