ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 21 მარტის თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა:
"როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი შეხვედრა აშორებს. 21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ლუქსემბურგთან შეხვედრა გაიმართება.
ჩვენი ქვეყნისთვის, ფეხბურთისთვის, ეროვნული ნაკრებისთვის და გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს დაიწყო და ზუსტად 24 საათში მთლიანად გაიყიდა. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, ამ შეხვედრას დასწრებოდა, თუმცა ფიზიკურად სტადიონი ამაზე მეტ მაყურებელს ვერ იტევს. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილი დარჩა. შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან მქონდა საუბარი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთოთ დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, აღნიშნულ შეხვედრას პირდაპირ ეთერში უყუროს.
გარდა ამისა, ბავშვებისთვის სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, ასევე კვების ობიექტები იქნება განთავსებული. მესმის, რომ სტადიონზე ყოფნა სხვა რეალობაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დინამო არენაზე ყველა ვერ დაეტევა, დედაქალაქის მერია ფედერაციასთან ერთად, გულშემატკივრისთვის დიდ ეკრანს მოაწყობს", - აღნიშნა კახა კალაძემ.