ესპანეთის ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონის მე-13 ტურის ეგიდით, მადრიდის ატლეტიკომ "სივიტას მეტროპოლიტანოზე" ვილიარეალს უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა.
მე-20 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - "ყვითელი წყალქვეშა ნავიდან" თავი ხერარდ მორენომ გამოიჩინა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი ანგარიში აქსელ ვიტსელმა გაათანაბრა. მე-80 წუთზე მასპინძლები წინ ანტუან გრიზმანმა გაიყვანა. ხოლო, საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე გატანილი გოლით სამუელ ლინომ დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ვილიარეალის კარში გატანილი გოლი "ათლეტების" ფრანგი ფორვარდისთვის ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა. გრიზმანს ატლეტიკოს მაისურით 169 გოლი დაუგროვდა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებში მეორეადგილოსან ადრიან ესკუდეროს გაუთანაბრდა, რომელიც მადრიდული კლუბის რიგებში 1945–1958 წლებში თამაშობდა.
ამრიგად, მადრიდის ატლეტიკოს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსამდე გრიზმანს ხუთი გოლი აშორებს. რეკორდი კი "როხიბლანკოს" ლეგენდას, ლუის არაგონესს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც 173 გოლია.