გუშინ, ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავის, ლამინე იამალის მამა მუნირ ნასრაუი დაჭრეს - შემთხვევა ბარსელონასთან ახლოს, დასახლება მატაროში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელის მამის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ნასრაუიმ დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა და კვლავ კლინიკაში რჩება.
დანაშაული ავტოსადგურთან მოხდა - მუნირ ნასრაუის უცხო პირებმა მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, სასწრაფო დახმარების მოსვლის დროს, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ახლა სტაბილურადაა.
დამნაშავეები მაშინვე ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა, პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა.
მომხდარი ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, ზოგი ესპანური გამოცემა წერს, რომ საქმე უკავშირდება ლამინე იამალის მამის წარსულში მომხდარ ჩხუბს.