ბოლო წლების ტრადიცია უცვლელია - მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, უმცროსი ბორჯღალოსნები თბილისში დასკვნით გასახურებელ მატჩს ინგლისთან, 14 ივნისს თბილისში გამართავენ. შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე 18 საათზე დაიწყება.
წინა ორი წლისგან განსხვავებით, ამჯერად 20-წლამდელთა მოქმედ ჩემპიონთან მხოლოდ ერთი თამაში გვექნება. 11 ივნისს მეტოქეები „შევარდენზე“ ერთობლივ, მართვად ვარჯიშს გამართავენ, სამი დღის თავზე კი „ავჭალაზე“ ერთმანეთს შეერკინებიან. შესაბამისად, გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, უქომაგოს ჩვენს გუნდს და დადებითი ემოციებით დამუხტული გააცილოს 20-წლამდელთა მთავარ ტურნირზე.
აქამდე ასე იყო - ორი თამაშიდან პირველს ინგლისელები იგებდნენ, მეორეში კი ლადო კილასონიას შეგირდები რევანშის აღებას ახერხებდნენ. ბრიტანელთა პირველი სტუმრობისას, 2023 წელს ორი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბოლო წუთზე გაშვებული გარდასახული ლელოს შედეგად ინგლისმა 41:35 მოიგო. მეორე მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რევანში აიღეს და ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ინგლისი პირველად დაამარცხეს - 40:38.
შარშან ივნისში მეტოქე ექვსი ერის ჩემპიონის რანგში გვეწვია და პირველი თამაში დამაჯერებლად, 31:7 მოიგო. ლადო კილასონიას შეგირდებმა 5 დღეში საოცარი ტრანსფორმაცია განიცადეს და ინგლისის 45:17 დამარცხებით სრულფასოვანი რევანში აიღეს.
RUGBY.GE