ხვალ ქუთაისში საქართველოს ჩემპიონი 34-ედ გამოვლინდება. დიდი 10-ის 2024/25 წლების გადამწყვეტ შეხვედრაში ქუთაისის ‘აია’ ‘ბათუმს’ შეერკინება. ფინალური თამაში ქუთაისის „აია არენაზე“ 16 საათზე დაიწყება.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონატი 1990 წელს გაიმართა. მას შემდეგ პირველობისთვის გუნდები 35-ედ იბრძოლებენ, თუმცა ერთხელ, 2020 წელს, კოვიდ-პანდემიის გამო ჩემპიონატი შეწყდა და შესაბამისად, ვერც ჩემპიონი გამოვლინდა.
აქამდე საქართველოს ჩემპიონის ტიტული ყველაზე ბევრჯერ -10-ჯერ თბილისის ‘ლოკომოტივმა’ მოიპოვა. მთავარი თასი 6-ჯერ შემართა კიდევ ერთმა დედაქალაქურმა გუნდმა ‘ლელომ’, ‘აია’ და ‘ბათუმი’ კი მესამე-მეოთხე პოზიციებზე არიან. ქუთაისელებმა გვირგვინი 5-ჯერ დაიდგეს, ზღვისპირელებმა - 4-ჯერ. აქვე ვთქვათ, რომ 3-ჯერ ტიტულს ‘ყოჩები’ დაეუფლა, ორჯერ რუსთავის ‘ხარები’, ხოლო ‘არმია’, ‘გუმარი’ და ‘ჯიქი’ თითო-თითოჯერ.
საგულისხმოა, რომ 2017 წლის შემდეგ ‘აია’ ან ‘ბათუმი’ ფინალში აუცილებლად თამაშობდა, თუმცა მათი გზები მხოლოდ ერთხელ, 2021 წელს გადაიკვეთა. ამ პერიოდში ‘ბათუმმა’ ფინალი 5-ჯერ ითამაშა და თასი ორჯერ მოიპოვა, ‘აიამ’ კი სატიტულო შეხვედრაში სამჯერ მიიღო მონაწილეობა და ორჯერ გამარჯვებული დარჩა. შეგახსენებთ, ქუთაისელები 2024 წლის საქართველოს ჩემპიონები არიან და საკუთარ მოედანზე ტიტულის დაცვას ეცდებიან.
მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან, თუმცა მომავალ თამაშს ყველაზე დიდი დატვირთვა ექნება, რადგან სასწორზე ოქროს მედლები დევს. რეგულარული გათამაშების პირველ წრეში ‘აიამ’ მეტოქე საკუთარ მოედანზე 17:15 დაამარცხა, განმეორებით შეხვედრაში კი ბათუმში მასპინძლებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს - 34:8.
რადგან გუნდებმა რეგულარული სეზონი პირველ-მეორე ადგილზე დაასრულეს, 27 აპრილს შესარჩევ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში ქუთაისელებმა, რომლებიც მასპინძლის უფლებით სარგებლობდნენ, 11:10 მოიგეს და გადამწყვეტ მატჩში თამაში ნაადრევად დაიბევეს, ზღვისპირელებმა კი ეს უფლება გასულ კვირაში ‘ხარების’ 33:21 ძლევით მოიპოვეს.
ამრიგად, ‘აია’ ამ სეზონში ‘ბათუმს’ ქუთაისში მესამედ დაუხვდება და ტიტულის შენარჩუნებას ეცდება. თავის მხრივ, ‘ბათუმი’ 2022 წლის შედეგის გამეორებისთვის იბრძოლებს. ზღვისპირელებმა თასი ბოლოს სწორედ 3 წლის წინ შემართეს.
rugby.ge