საქართველოს ქალთა 7-კაცა რაგბის ნაკრები ისტორიულ დებიუტს შეასრულებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ორ ეტაპად — ხორვატიასა და გერმანიაში გაიმართება.
ჯაბა მალაღურაძის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ წელს წარმატებით იასპარეზა რაგბი ევროპის ალაფაზე, სადაც ორი ეტაპის ჯამში მეორე ადგილი დაიკავა და 12-გუნდა ელიტაში აღზევდა.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ქართველ მორაგბე ქალებს ორი მნიშვნელოვანი შეკრება ელის. პირველი ეტაპი 17-18 მაისს გერმანიის ქალაქ ბონში გაიმართება, სადაც ჩვენი ნაკრები კომერციულ ტურნირში ბელგიისა და მასპინძელი გერმანიის ორ გუნდს დაუპირისპირდება.
შაბათს, 17 მაისს, საქართველო ბელგიას საქართველოს დროით 15:50 საათზე შეხვდება, 17:30-ზე — გერმანია2-ს, ხოლო 19:30-ზე — გერმანია1-ს. კვირას, 18 მაისს, გუნდები იგივე შემადგენლობით, თუმცა განსხვავებული განრიგით ითამაშებენ: 12:00-ზე — გერმანია1, 14:00-ზე — ბელგია და 15:20-ზე — გერმანია2.
ბონის ტურნირის შემდეგ ჩვენი გუნდი საფრანგეთში, ქალაქ ტურში, 5-დღიან შეკრებას გაივლის, სადაც ადგილობრივ რეგიონალურ გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. 24-25 მაისს კი ტურის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 16 გუნდი იასპარეზებს.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს, ის 13-15 ივნისს ხორვატიის საკურორტო ქალაქ მაკარსკაში გაიმართება. საქართველო A ჯგუფში ევროპის მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან, ჩეხეთთან (2024 წლის მე-6 ადგილი) და ირლანდიასთან (2024 წლის მე-7 ადგილი) მოხვდა. დანარჩენი ჯგუფები ასე გამოიყურება:
B ჯგუფი — ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი
C ჯგუფი — ესპანეთი, პოლონეთი, იტალია, პორტუგალია.