თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიას იტალიის სერია A-ს ნახევარფინალამდე 1 მოგება აკლდა, რადგან ვენეციასთან მეოთხედფინალური სერიის საწყისი 2 შეხვედრა მოგებული ჰქონდა. მესამე მატჩი ვენეციაში გაიმართა, თუმცა ბოლონიურმა კლუბმა სერიის მშრალი ანგარიშით დასრულება ვერ შეძლო.
მატჩი მასპინძლებმა 89:82 მოიგეს და სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს. ქართველი ფორვარდი ბოლონიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელია სასტარტო ხუთეულში არც ამჯერად ყოფილა, მოედანზე გატარებულ 22 წუთში კი 18 ქულა ჩააგდო, რასაც 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიამატა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
მატჩი ბოლო წუთზე შენგელიას მოედნის დატოვება მოუხდა. მას მეტოქის ხელი თავში უხერხულად მოხვდა. სავარაუდოდ, სერიოზული არაფერი უნდა იყოს. სერიის მომდევნო მატჩი 25 მაისს კვლავ ვენეციაში გაიმართება.
GBF.GE