"დელტამ" გურჯაანში "თსუ-ს" ჩამორჩენა შეუმცირა, "ქუთაისი" ზესტაფონში დაწინაურდა » სპორტის ხაზი

"დელტამ" გურჯაანში "თსუ-ს" ჩამორჩენა შეუმცირა, "ქუთაისი" ზესტაფონში დაწინაურდა

"დელტამ" გურჯაანში "თსუ-ს" ჩამორჩენა შეუმცირა, "ქუთაისი" ზესტაფონში დაწინაურდა
დღეს, 00:59
Aa Aa
გაზიარება:

სუპერლიგის ნახევარფინალური სერიები საინტერესოდ გრძელდება. დღეს გურჯაანსა და ზესტაფონში სერიების მე-3 მატჩები გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ფინალამდე 1 მოგება აკლდა, თუმცა ზედიზედ მესამე გამარჯვება და სერიის მშრალად მოგება ვერ შეძლო.

არადა, თსუ-მ სერიის თბილისში გამართული ორივე მატჩი ერთი ამოსუნთქვით, დამაჯერებლად მოიგო. მოედნის უპირატესობას რომ დიდი ძალა აქვს, ეს ცალკე ამბავია და დელტას გურჯაანულ მატჩში სხვა მხრივაც გაუმართლა. მატჩის მეორე ნახევარში მოედნიდან გააძევეს თსუ-ს გიგანტი ცენტრი, კარსონ ბაშამი, რის შემდეგაც დელტამ არსებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ბოლომდე იოლად შეინარჩუნა.

ამასთან ერთად, ბოლო პერიოდში ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა თსუ-ს უკანახაზელმა, ოთო ფხაკაძემ, რომლის თამაშიც მომდევნო მატჩებში სათუოა. მინიმუმ მომდევნო მატჩში თსუ-ს არ ეყოლება დისკვალიფიცირებული ბაშამი, რომელმაც ოპონენტს ეუხეშა, ხელი კრა და იატაკზე გააგორა, რის გამოც მსაჯებმა პირდაპირ გაძევება გამოუწერეს.

შესაბამისად, თსუ-მ ძალიან არასახარბიელო ვითარებაში ჩაიგდო თავი. მომდევნო შეხვედრაც გურჯაანში გაიმართება და შესაძლოა, 2 წამყვანი მოთმაშის გარეშე იყოს. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, დელტა გაცილებით მობილიზებული და მოტივირებული იყო. რომ არა ზემონახსენები თსუ-ს დანაკარგები, შესაძლოა დელტას ისედაც მოეგო, იმდენად კარგად ეპაექრებოდა ძლიერ მეტოქეს.

მატჩი საბოლოოდ 75:66 (სტატისტიკა) დასრულდა, რაშიც გამორჩეულად დიდი წვლილი არც ერთ გურჯაანელს არ ეკუთვნის. მცირე ანგარიშის კვალობაზე 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 5-მა დელტელმა გადააბიჯა, რომელთაგან ბომბარდირი 16 ქულით საბა ლობჯანიძე გახდა. 13 ქულა დანია კინგსბიმ, ხოლო 12-12 რიკარდო ლინჩმა და სკაილარ პოტერმა მიითვალეს. თსუ-ში დევონტრე ტომასმა 15 ქულა დააგროვა. ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩი გურჯაანში, 14 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.

ზესტაფონში ნამდვილი ტრილერი გაიმართა. იმერულ დერბიში მარგვეთმა ქუთაისს უმასპინძლა და დიდი ბრძოლა გაუმართა. ზესტაფონელებს მოედნის უპირატესობა ჰქონდათ,რ ადგან ქუთაისში გამართული წინა 2 მატჩიდან 1 მოიგეს. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი გუნდი გამარჯვებასთან ახლაც ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთებზე არ გაუმართლა.

ქუთაისი ძირითადი გამთამაშებლის, ელაია ჯოინერის გარეშე თამაშობდა და გაუჭირდა. ზესტაფონი გამართულად თამაშობდა და სტუმრებს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდა. ის კი არა, მარგვეთი პერიოდულად წინაც გადიოდა. ლიდერი 13-ჯერ შეიცვალა, ხოლო 4-ჯერ თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა. ეს ყველაფერი თამაშის დაძაბულობაზე მიუთითებს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას მთელი მატჩის განმავლობაში ახლდა.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ქუთაისელებმა ბრძოლაში მოიპოვეს 2-ქულიანი გამარჯვება – 93:91 (სტატისტიკა) და სერიაში 2:1 დაწინაურდნენ. ქუთაისელებს მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა, რომელმაც 7 სამქულიანი, ჯამში კი 25 ქულა ჩააგდო. გამორჩეული შედეგი დააფიქსირა გიორგი ოჩხიკიძემ, რომელმაც 20 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც სუპერლიგის მიმდინარე სეზონისა და ბოლო წლების რეკორდია. ზესტაფონელებს აკოლ მავეინმა ულიდერა – 30 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.

სერიის მე-3 მატჩი ზესტაფონში, 14 მაისს გაიმართება.

gbf.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი