შვეიცარიაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო წილისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქეები:
საქართველოს ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში ითამაშებს, სადაც A ჯგუფშია მასპინძელ ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად. რიგის ექვსეულში B ჯგუფში არიან: ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი.
წილისყრამდე რამდენიმე საათით ადრე ფიბამ ის 4 ქვეყანა დაასახელა, რომლებიც გაისად ზაფხულში დაგეგმილ 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებენ. შეჯიბრი 2-7 ივლისს არის დაგეგმილი და, როგორც დღეს გაირკვა, მასპინძლები საბერძნეთი, ლატვია, პუერტო რიკო და ესპანეთი იქნებიან.
ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს, რომელთაგან 8 უკვე გარკვეულია. ოლიმპიურ თამაშებზე მასპინძლის რანგში წარდგება საფრანგეთი, დანარჩენი 7 გუნდი კი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაირკვა კონტინენტური ქვოტების მიხედვით. ესენი არიან: სამხრეთ სუდანი (აფრიკა), აშშ, კანადა (ორივე - ამერიკა), იაპონია (აზია), სერბეთი, გერმანია (ორივე - ევროპა) და ავსტრალია (ოკეანეთი).
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საკალათბურთო ტურნირი 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება,
მამაკაცთა შორის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აშშ-ს ნაკრებია, რომელმაც 2021 წელს, ტოკიოში გამართულ ფინალში საფრანგეთს 87:82 მოუგო, ბრინჯაოს მედლების მფლობელი კი ავსტრალია გახდა.