ევროპის ჩემპიონატის 2024 წლის შესარჩევი ეტაპზე, სექტემბრის თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი თამაში ესპანეთთან და ნორვეგიასთან გამართა. ვილი სანიოლის ბიჭები ჯერ დინამო არენაზე ფურია როხასთან 1:7 განადგურდნენ, სამ დღეში კი ნორვეგიასთან 2:1 დამარცხდნენ.
რა თქმა უნდა ამ შედეგით უკმაყოფილოა თითოეული ფეხბურთელი, განსაკუთრებით კი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც Tuttosport-ის ინფორმაციით გაბრაზებულია და ჯენოასთან მატჩისთვის ემზადება, რათა უგოლო სერიას წერტილი დაუსვას.
ხვიჩას თითქმის ერთი წელია ნაკრებში გოლი არ გაუტანია
"შაბათს 181-ე დღე გახდება, რაც ხვიჩა კვარაცხელიას გოლის გატანას ნაპოლის რიგებში ვერ ახერხებს, ეროვნულ ნაკრებში კი, უფრო ხანგრძლივი სერია აქვს, რადგან ბოლოს ახალგაზრდა ვინგერმა გოლი გასული წლის 26 სექტემბერს, გიბრალტარის წინააღმდეგ გაიტანა. ეს თითქმის ერთი წელია და მას შემდეგ საქართველოს ნაკრებში მან 5 უგოლო თამაში ჩაატარა, მაშინ, როდესაც მანამდე 6 შეხვედრაში 5-ჯერ გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.
გარსიას სანაკრებო შეკრებიდან ძალიან გაბრაზებული კვარა უბრუნდება, რადგან ხვიჩამ იცის რომ ვერ არის ისეთივე ფორმაში როგორც ადრე. ახლა, კვარაცხელიას ჯენოასთან სურს, აჩვენოს, რაც შეუძლია." - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ორ მატჩში თავი ერთი საგოლე პასით გამოიჩინა. ნაპოლი 16 სექტემბერს, გენუაში, ჯენოას დაუპირისპირდება და ქართველს შანსი ექნება უგოლო სერია დაასრულოს და "თავისი ანგარიში გახსნას"...