ბოლო გაბრძოლება ოსლოში - ყველაფერი, რაც საქართველო-ნორვეგიის მატჩის წინ უნდა იცოდეთ » სპორტის ხაზი

ბოლო გაბრძოლება ოსლოში - ყველაფერი, რაც საქართველო-ნორვეგიის მატჩის წინ უნდა იცოდეთ

ბოლო გაბრძოლება ოსლოში - ყველაფერი, რაც საქართველო-ნორვეგიის მატჩის წინ უნდა იცოდეთ
12-09-2023, 12:21
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, საქართველოს ნაკრები ოსლოში ნორვეგიას შეხვდება და ესპანეთთან მძიმე მარცხის (1:7) შემდეგ რეაბილიტაციას შეეცდება. ორივე გუნდის მთავარი მიზანი ევრო 2024-ის შესარჩევ A ჯგუფში მეორე გამარჯვების მოპოვებაა.

ორივე გუნდს ამჟამად 4-4 ქულა აქვთ და მეორე ადგილოსან ესპანეთს 2 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ნორვეგია მესამე ადგილზეა, ხოლო საქართველო მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ნორვეგია



ნორვეგიელებმა A ჯგუფში ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, სტალე სოლბაკენის გუნდისთვის საქართველოსთან გამარჯვება მნიშვნელოვანია.

ნორვეგია A ჯგუფის გახსნით მატჩში ესპანეთთან 0:3 დამარცხდა, შემდეგ ფრედ (1:1) დასრულდა შეხვედრა საქართველოსთან, მომდევნო შეხვედრა გუნდმა კი შოტლანდიასთან დათმო (1:2). ერთადერთი გამარჯვება სკანდინავიელებმა თემურ ქეცბაიას კვიპროსთან მოიპოვეს (3:1). ამავდროულად, ნორვეგიამ გასულ კვირას იორდანიას ამხანაგურ მატჩში 6:0 მოუგო, ამიტომ, სამშაბათს ღამით ზედიზედ მესამე გამარჯვებას იმედოვნებენ.

ბოლო გაბრძოლება ოსლოში - ყველაფერი, რაც საქართველო-ნორვეგიის მატჩის წინ უნდა იცოდეთ

ერლინ ჰოლანდს ევროპის 2024 შესარჩევ ეტაპზე სამი გოლი აქვს გატანილი

ნორვეგიის ნაკრები მხოლოდ ერთხელ მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ეს 2000 წელს მოხდა, როდესაც გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა, ხოლო 1998 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური არ მოუპოვებია.

"დარჩენილ მატჩებს თუ მოვიგებთ, საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. თუმცა, ფაქტია, რომ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვისურვებდით და გვეგონა. უნდა ვეცადოთ დანარჩენი მატჩების მოგება, შემდეგ ვნახოთ, რა იქნება საჭირო. საქართველოსთან წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი თამაშია, ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია, არცერთი ჩვენგანი არ დანებებულა. ძალიან მოტივირებულები ვართ."- მარტინ ოდეგორი საქართველოსთან მატჩზე.

საქართველო



საქართველო ესპანეთთან 1:7 მარცხის ფონზე ითამაშებს. მსგავსი მარცხი გუნდზე რომ უარყოფითად აისახება, ცხადია, თუმცა სატურნირო კუთხით, ჯერ ყველაფერი არც ისე კატასტროფულადაა. „ჯვაროსნები“ A ჯგუფში ოთხი ქულით (ბურთების უარესი სხვაობით) ნორვეგიას ჩამორჩებიან და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

სანიოლის გუნდმა შესარჩევი ეტაპი ნორმალურად დაიწყო. მარტის ბოლოს ბათუმში ნორვეგიასთან ფრედ 1:1 ითამაშეს, ივნისში კი კვიპროსზე 2:1 მოიგეს, შემდეგ შოტლანდიაში 0:2 წააგეს და ესპანეთთან უმძიმეს მარცხამდე მივიდნენ.


მეორე სუნთქვის გახსნისთვის ოსლოში გამარჯვებაა საჭირო

საქართველო არასდროს გასულა დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე, ამიტომ დიდი მიღწევა იქნება, თუ მომავალ ზაფხულს ვილი სანიოლის გაწვრთნილები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

დღევანდელი შეხვედრა იქნება რიგით მეხუთე ამ ნაკრებებს შორის - ნორვეგიამ სამი მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა.

არბიტრები



ნორვეგია-საქართველოს მონტენეგრლოელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი ნიკოლა დაბანოვიჩი იქნება, რომელსაც დაეხმარებიან ვლადან ტოდოროვიჩი და სრდან იოვანოვიჩი, მეოთხე მსაჯი მილოშ ბოშკოვიჩია. VAR-ის ოთახში უეფა-მ სლოვენიელები, ნეიც კაიტაზოვიჩი და რადე ობრენოვიჩი მიავლინა.

სად ვუყუროთ ნორვეგია-საქართველოს მატჩს?



ნორვეგია-საქართველოს მატჩი დღეს, 12 სექტემბერს ოსლოში, ულევაალის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.