კახი ასათიანი - მოთამაშე, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში პირველი ბარათი მიიღო » სპორტის ხაზი

კახი ასათიანი - მოთამაშე, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში პირველი ბარათი მიიღო

კახი ასათიანი - მოთამაშე, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში პირველი ბარათი მიიღო
19-08-2023, 18:42
Aa Aa
გაზიარება:

ფეხბურთის განვითარების გზა საწყის ეტაპზე ია-ვარდით არასდროს ყოფილა მოფენილი.

ყველაზე მეტად, რაც თამაშს აფერხებდა, ის იყო, რომ შემოღებულ პრიმიტიულ წესებს თავად ფეხბურთელები არღვევდნენ, რასაც თავისთავად ცხადია, ისეთი აყალმაყალი მოჰყვებოდა, რომ ფეხბურთის მატჩი ნამდვილ ინგლისურ კრივად იქცეოდა ხოლმე.

თავდაპირველად გუნდის კაპიტნები არჩევდნენ დარღვევებს, შემდეგ კი მსაჯი დაამატეს, რომელთაც თანამედროვე არბიტრების უფლებები ნამდვილად არ ჰქონიათ. იმდროინდელი მსაჯები ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივრები და სხვადასხვა პროფესიის ხალხი იყვნენ…

იმ დროს მსაჯები მატჩში წესების დარღვევის დაფიქსირებას ყვირილით და ხელების ქნევით ახერხებდნენ.

ფეხბურთის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ ცნობილ ქართულ წიგნში – ფეხბურთი.45+45 , რომლის ავტორი ზვიად ბერეკაშვილია, ვკითხულობთ, რომ 1966 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში არგენტინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის შეხვედრის 35-ე წუთზე, გერმანელი არბიტრი კრეაეტლაინი მინდვრიდან აძევებს არგენტინელთა კაპიტან რატინის. არბიტრს წითელი ბარათი არ უჩვენებია, რადგან მაშინ ბარათის მცნება არ არსებობდა, ამიტომ კრეაეტლაინი რატინთან მივიდა და უთხრა, მიბრძანდი მინდვრიდანო. არგენტინელთა კაპიტანმა ენობრივი ბარიერის გამო ვერ გაიგო მისგან მსაჯი რას ითხოვდა.

ატყდა ჩხუბი და საბოლოოდ ეს შეხვედრა ინგლისმა ჯო ჰართსის გოლით 1-0 მოიგო.

ამ თამაშის დასრულების შემდეგ ინგლისელი მსაჯი კენ ასტონი სახლისკენ მანქანით მიემართებოდა, მუნდიალის გამო ისედაც გადატვირთულ მოძრაობას კი შუქნიშნები აფერხებდა.
სერ კენი, როდესაც მორიგ შუქნიშანს მიუახლოვდა, საეჭვოდ აციმციმებულ მწვანეს მოჰკრა თვალი, აქსელერატორს დააწვა გადავასწრებ ყვითელზეო, მაგრამ ყვითელი ხეირიანად არც ანთებულიყო, იმწამსვე წითელმა ნათურამ დაიწყო ციმციმი… ევრიკა, შესძახა ადრიანმა და ასე დაიბადა ყვითელი და წითელი ბარათების ისტორია ფეხბურთში.

უკვე ოთხ წელიწადში 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სსრკ-ს ნაკრები მასპინძელ მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.

ამ მატჩში, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფაქტი მოხდა. შეხვედრის გერმანელი არბიტრი ჩენშერი ისტორიაში პირველად იყენებს ყვითელ ბარათს და მას ქართველ ფეხბურთელს კახი ასათიანს უჩვენებს.

ამრიგად, ასათიანი შევიდა ისტორიაში იმ ფაქტით, რომ ის არის პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ბარათი უჩვენეს. მსაჯმა ბარათით კიდევ 4 ფეხბურთელი გააფრთხილა, ესენი იყვნენ: გივი ნოდია, ევგენი ლოვჩევი, გენადი ლოგოფეტი და მექსიკელთა კაპიტანი გუსტავო პენია. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში ეს ფაქტი უფრო იციან ვიდრე კახის მიერ ბელგიის ნაკრებში გატანილი გოლი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ ერთი ლამაზია.

კახი ასათიანმა თბილისის “დინამოში” თამაში 18 წლის ასაკში დაიწყო და 218 შეხვედრაში 27 გოლის გატანა მოახერხა.

მან საბჭოთა კავშირის ნაკრებში 16 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარის აღება 5-ჯერ შეძლო. ცნობისთვის, ქართველმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმის გამო კარიერა 28 წლის ასაკში დაასრულა.

სამწუხაროდ, კახი ასათიანი 55 წლის ასაკში, ვაკეში, საკუთარ სახლთან მანქანაში მოკლეს.

წყარო: geosportnews.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.