უმცროსი ბორჯღალოსნები | მე-7 ადგილისთვის უმცროს ოლ ბლექსთან » სპორტის ხაზი

უმცროსი ბორჯღალოსნები | მე-7 ადგილისთვის უმცროს ოლ ბლექსთან

უმცროსი ბორჯღალოსნები | მე-7 ადგილისთვის უმცროს ოლ ბლექსთან
10-07-2023, 12:21
Aa Aa
გაზიარება:

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-5 ადგილის ნახევარფინალში უელსელ თანატოლებს ვერ აჯობეს და 14 ივლისს, მე-7 ადგილისთვის ახალ ზელანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

უელსთან გამართული შეხვედრის საწყისი 20 წუთი საქართველოსი იყო. ამ პერიოდში მეტოქე ორჯერ დაჯარიმდა დასარტყმელ პოზიციაში და პეტრე ხუციშვილმა ორივე შესაძლებლობა გამოიყენა – 6:0. ლადო კილასონიას შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, აკონტროლებდნენ ბურთს და წინა მატჩებისგან განსხვავებით, თითქმის უშეცდომოდ თამაშობდნენ დერეფანში, მაგრამ პირველი მეოთხედის შემდეგ შეცდომებმა და უდისციპლინობამ იჩინა თავი.

რადგან ხშირად ვჯარიმდებოდით, რეფერიმ 36-ე წუთზე თორნიკე კახოიძეს ყვითელი ბარათი აჩვენა და მეტოქემ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა. მათმა მოლმა შეძლო წინააღმდეგობის დაძლევა, ლელოს კი ზუსტი გარდასახვა მოყვა და უელსი 7:6 დაწინაურდა. საქართველოს მალევე შეეძლო პასუხის გაცემა, ამჯერად ჩვენმა მოლმა დაფარა 5 მეტრი და ლელოში შევიდა, მაგრამ უელსი დაჯარიმდა, განმეორებით დერეფანში კი პირველად დავუშვით შეცდომა და ტაიმიც დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში უელსმა ერთხელაც ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით, მოლიდან ბურთი ხაზზე გავიდა, იქ კი სიჩქარეში ლუი ჰენესი შემოვიდა. თამაში რომ განახლდა შერკინებამ კიდევ ერთხელ გამოიმუშავა ჯარიმა, რასაც დერეფნიდან აგორებული მოლი მოყვა, რომელმაც დაახლოებით 23 მეტრი დაფარა და გიორგი მამაიაშვილმა სწრაფი ლელოთი უპასუხა. გარდასახვა მიზანს ასცდა – 11:14.

ამას დაახლოებით 10-წუთიანი ჩავარდნა მოყვა. ჩვენს 22-ში არაზუსტი პასების გამო უელსისგან ორი ლელო მივიღეთ და სხვაობა 15 ქულამდე გაიზარდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ძალები მოიკრიბეს და მეტოქეს მაგრად მიეძალნენ, მაგრამ მეტოქე კარგად დაგვიხვდა, თუმცა ხშირი ჯარიმების გამო 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. 65-ე წუთზე მათ კიდევ ერთ კარგ მოლს ვეღარაფერი მოუხერხეს და თამაზ ჭამიაშვილმა ლელოთი სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა.

თამაშის გადასარჩენად დრო საკმარისი იყო, თუმცა უელსმა თავად შეძლო მოლით მორიგი ლელოს გატანა და ფაქტობრივად გამარჯვება გაიფორმა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბოლომდე იბრძოლეს და 78-ე წუთზე ლამაზი ლელო გაიტანეს. დავით ხუროშვილმა ბურთი გელა ხელაძეს გაატანა, რომელმაც თავის მხრივ სისწრაფეში მყოფ თორნიკე კახოიძეს გადაცემა არ დაუგვიანა და ქართველმა ცენტრმა მცველთან კონტაქტში ბურთი ლელოში დაამიწა. მატჩის მიწურულს 22-ში კიდევ ერთხელ დავუშვით შეცდომა, რითაც უელსმა ისარგებლა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 40:21.

მე-5 ადგილის მეორე ნახევარფინალში ავსტრალიამ კაცნაკლული ახალი ზელანდია 44:35 დაამარცხა. შედეგად, საქართველო მე-7 ადგილისთვის უმცროს ოლ ბლექსს შეხვდება, მე-5 ადგილისთვის კი უელსი და ავსტრალია იბრძოლებენ.

ლადო კილასონია (უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი): "პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ტაქტიკურად სწორად ვთამაშობდით და ამან შედეგი მოიტანა. ამის შემდეგ სათამაშო დისციპლინა დაგვერღვა, რითაც კარგად ისარგებლა უელსის მაღალი დონის გუნდმა. მათ არაფერი დაგვითმეს და დღეს ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. ახლა უნდა დავისვენოთ, გვექნება ვიდეო-ანალიზი და მოვემზადოთ ახალ ზელანდიასთან თამაშისთვის."

Rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი