კვერნაძეზე, ტაქტიკასა და დამოკიდებულებაზე - ფროზინონეს ახალი მწვრთნელი საინტერესო საკითხებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

კვერნაძეზე, ტაქტიკასა და დამოკიდებულებაზე - ფროზინონეს ახალი მწვრთნელი საინტერესო საკითხებზე საუბრობს

კვერნაძეზე, ტაქტიკასა და დამოკიდებულებაზე - ფროზინონეს ახალი მწვრთნელი საინტერესო საკითხებზე საუბრობს
10-07-2023, 12:18
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ფროზინონემ სერია B ფაბიო გროსოსთან ერთად მოიგო, მათ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი სპეციალისტი მაინც დანიშნეს, - ის ეუსებიო დი ფრანჩესკოა, რომელიც უმეტესობას რომადან გემახსოვრებათ.

როგორც ჩანს, ფროზინონეს პრეზიდენტს, მაურიციო სტირპეს დიდი მიზნები ამოძრავებს და სურს, რომ 2023/2024 წლების სეზონში სერია A-ში ადგილი შეინარჩუნოს, რისთვისაც გაცილებით გამოცდილი სპეციალისტის კლუბში მიწვევა სავსებით სწორ გადაწყვეტილებად უნდა მივიჩნიოთ.

აი, რაზე ისაუბრა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ოფიციალური პრეზენტაციის ფარგლებში:

"თქვენთან ყოფნით ბედნიერი ვარ და ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა. ეს არის ქალაქი, რომელსაც დღეიდან მე წარმოვადგენ და სწორედ ესაა ჩემთვის მთავარი. აქ მოსვლიდან ბიჭებს მალევე ვუთხარი, რომ მათგან ორი რამის დანახვა მსურს. პირველი, ეს გამბედაობაა, მეორე კი ღიმილი მათ სახეზე. მიმაჩნია, რომ უშიშარი და მხიარული დამოკიდებულებით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია."

"წარსულში ყურება და რაღაცების ქექვა დიდად არ მიყვარს, ეს ჩემი სფერო არაა. ყოველთვის მომავალს ვუყურებდი და გადაწყვეტილებას ისე ვიღებდი. ფროზინონეში წარსულში დამუშავებულ ერთ, სტატიკურ ტაქტიკას არ დავაფუძნებ. ვაპირებ, რომ სქემის როტაცია დავამკვიდრო და მატჩებში კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღო. უმთავრესი ტაქტიკური წყობა 4-3-3 იქნება, მაგრამ გადახვევებისთვის მზად ვიქნებით."

"გიორგი კვერნაძე გუნდში ახალი მოსულია. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ ფეხბურთის სათამაშოდ, ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის გარკვეული დრო გჭირდება ხოლმე და ეს დრო გიორგის უნდა მიეცეს, ისევე როგორც დანარჩენ ახალგაზრდებს. ზოგადად, გამოუცდელ მოთამაშეებს ბოლომდე უნდა ვენდოთ, შეცდომების დაშვებაზე არ უნდა ვუსაყვედუროთ, რათა გაზრდა და განვითარება შეძლონ. ვაპირებთ, რომ გიორგის ხასიათი, ტექნიკური მონაცემები და სხვა ნიუანსები შევისწავლოთ, შემდეგ კი მას კიდევ უფრო მოვაძლიერებთ."
- თქვა დი ფრანჩესკომ

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მომდევნო სეზონის პირველივე შეხვედრას ფროზინონე საკუთარ კედლებში ნაპოლის წინააღმდეგ გამართავს. ეს მატჩი 20 აგვისტოსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი