საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი პოლონეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი ლეხ პოზნანში გაატარა, სადაც ის დინამო კიევიდან იჯარით გადაბარგდა.
გიორგი წიტაიშვილის პოლონურ კლუბში იჯარით გატარებული პერიოდი ამოიწურა და ქართველი ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში ბრუნდება. როგორც დინამოს ყოფილი მწვრთნელი, ალექსანდრ ხაცკევიჩი ვარაუდობს, წიტაიშვილს კიევურ გუნდში შანსი აღარ უნდა მიეცეს, რასაც ის შემდეგი მიზეზით ხსნის:
"დინამო კიევში ახლა ლუჩესკუ მუშაობს, რომელმაც გიორგი წიტაიშვილს შანსი რამდენჯერმე მისცა. კერძოდ, გიორგი შეკრებაზე ორჯერ თუ სამჯერ გამოიძახეს, დააკვირდნენ და მისი მდგომარეობა შეისწავლეს, მას მერე კი გიორგისთვის აღარც დაუძახებიათ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ლუჩესკუს სხვა გეგმები აქვს და წიტაიშვილს დინამო კიევში შანსი აღარ უნდა მიეცეს." - თქვა ხაცკევიჩმა
გიორგი წიტაიშვილის მამის ინფორმაციის მიხედვით, ქართველ ფეხბურთელს შეთავაზებები სხვადასხვა ლიგიდან აქვს, თუმცა როგორც მისი ოჯახი ამბობს, გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება საჭირო არაა.
ამდენად, წიტაიშვილი დინამო კიევში ოფიციალურად დაბრუნდა, თუმცა საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარიერა სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გააგრძელოს.