ქართული ძიუდო | მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველთა მეტოქეები ცნობილია » სპორტის ხაზი

ქართული ძიუდო | მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველთა მეტოქეები ცნობილია

ქართული ძიუდო | მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველთა მეტოქეები ცნობილია
5-10-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

ტაშკენტში გაიმართა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წილისყრა, სადაც ის წყვილები გავიგეთ, რომელთა წევრებიც ერთმანეთს ტურნირზე დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, სადაც 9 კაცი და 2 ქალია.

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) საქმეში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება, სადაც ადონიზ დიაზსა (აშშ) და იამ ვოლჩაკს (ისრაელი) შორის გამარჯვებულს შეხვდება. ანალოგიური სიტუაციაა ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) გარშემოც, რომელიც მეორე რაუნდში აბდერაჰმანე ბუშიტასა (მოროკო) და მუჰამედ დემირალის (თურქეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მუჰამადრაჰიმ სარახონოვსა (ტაჯიკეთი) და ნილს სტამპს (შვეიცარია) შორის მოგებულს დაუპირისპირდება. გარდა ამისა, მეორე ეტაპიდან ერთვება საქმეში ტატო გრიგალაშვილიც (81 კგ), რომელიც ალფა უმარ ჯალოსა (საფრანგეთი) და პაველ დრჟიმალს (პოლონეთი) შორის უკეთესს შეხვდება.

მეორე რაუნდიდან იწყებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ), რომელიც ჰარისონ კასარისა (ავსტრალია) და კოსუკე მაშიამას (იაპონია) შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 90 კილოგრამიანთა კატეგორიის კიდევ ერთი ძიუდოისტი ჰყავს. ის ლუკა მაისურაძეა, რომელიც მეორე რაუნდში კარამნობ საგაიპოვისა (ლიბანი) და მატიას კუუსიკს (ესტონეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი საქმეში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება. ის გრიგორი მინასკინისა (ესტონეთი) და ზლატკო კუმრიჩს (ხორვატია) უკეთესს შეხვდება. ანალოგიურად, მეორე წრიდან ვიხილავთ ილია სურმანიძე, რომლის მეტოქეც დანიელ ჰერბსტისა (გერმანია) და მარკო კუმრიჩს (ხორვატია) შორის გაირკვევა.

მძიმე წონაში (+100 კგ) მეორე წრიდან გურამ თუშიშვილს ვიხილავთ, რომელიც ვლადუტ სიმიონესკუსა (რუმინეთი) და ვიტო დრაგიჩს (სლოვენია) შორის უკეთესს დაელოდება.

რაც შეეხება ქალთა გამოსვლებს: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) მეორე წრეში ქი საისა (ჩინეთი) და მარისა პერიშიჩს (სერბეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება, სოფიო სომხიშვილი კი, ის ერთადერთი სპორტსმენია, რომელიც საქმეში პირველივე წრიდან ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ ქართველ ძიუდოისტს წილისყრაში ძალიან არ გაუმართლა, რადგან მისი მეტოქე საკმაოდ გამოცდილი, ოლიმპიადის (2012) და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2013, 2014) იდალის ორტიზია (კუბა).

შეგახსენებთ, რომ ტურნირი ტაშკენტში 6 ოქტომბერს დაიწყება და 13 რიცხვში დასრულდება. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ უკანასკნელ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც უნგრეთში ჩატარდა, საქართველომ 4 მედალი მოიპოვა (ოქრო/შავდათუაშვილი, ვერცხლი/გრიგალაშვილი, ბრინჯაო/ვარლამ ლიპარტელიანი/სურმანიძე).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი