შენი ხმა ყოველთვის გვესმის კობი - სამი წლის წინ სამყარომ ფენომენი დაკარგა » სპორტის ხაზი

შენი ხმა ყოველთვის გვესმის კობი - სამი წლის წინ სამყარომ ფენომენი დაკარგა

შენი ხმა ყოველთვის გვესმის კობი - სამი წლის წინ სამყარომ ფენომენი დაკარგა
26-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ზუსტად სამი წლის წინ კალათბურთმა და სამყარომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ადამიანი დაკარგა, რომელიც ბევრი გულშემატკივრის ინსპირაციის წყარო იყო.

გამორჩეული ხასიათით, ბურთთან ერთად თამაშით და ოჯახით, რომელიც მისთვის ყველაფერზე წინ იდგა. ეს იყო ჯვარი, რომელიც მისი სულის ნაწილი იყო. წავიდა კობი და თითქოს მარტოობის შიშმა თან წაიყვანა მისი ქალიშვილი ჯიანა, რომელსაც ხშირად მზეს ადარებდნენ, რადგან მისი ღიმილი თითოეული ადამიანის გულში ბედნიერი ჩაეფინებოდა და მას თავისუფლებას ანიჭებდა.

შენი ხმა ყოველთვის გვესმის კობი - სამი წლის წინ სამყარომ ფენომენი დაკარგა

კობი თავის ქალიშვილთან ერთად

26 იანვარი, ერთი ჩვეულებრივი დღე, დილიდან გადაჭედილი ქუჩები და მომღიმარი სახეები. შეგრძნება იმისა, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი არსებობს, ყველაფერი გაქვს და ამით ბედნიერი ხარ. თითქოს არაფერი გაკლია, თუმცა წამიერად შენ გულში რაღაც მალევე სანთელივით ინთება და შემდეგ ქრება. თავიდან ამას ყურადღებას არ აქცევ, თუმცა რამდენიმე საათში შორს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ხმა და სოციალურ ქსელში თითოეული ადამიანის მიერ გაზიარებული ერთნაირი პოსტები გაფირებინებს, რომ ის წამიერი გაელვება უბრალო რამ არ ყოფილა, ამან სამყარო შეცვალა, ამან სამყაროს კიდევ ერთი დიდებული ადამიანი მოსტაცა....

დადგა მომენტი, როცა ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო, რეალობა, რომ ამ ქვეყნად კობი აღარ არის, ის აღარ იღიმის, მაგრამ მაინც ვფიქრობდით, რომ შეიძლება რაიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი. არა, კობი როგორ მოკვდებოდა?! , კობი არ შეიძლება მომკვდარიყო. იყო წუხილი და შიგნით ძლიერი ტკივილის განცდა, რომელიც გეუბნება, რომ ეს მოხდა "კობი მოკვდა" , თუმცა შენ არ იჯერებ, ან არ გინდა, რომ დაიჯერო.

მედია შოკშია, სოცალური ქსელები კობის ფოტოებით ივსება, პარკეტზე და არამარტო მანდ, ყველგან ლეგენდას პატივს მიაგებს. წუთიერი დუმილი ღრმა ჩასუნთქვას გავს და თითქოს ყველას უჭირს ასე გაჩერება, თითქოს უნდათ, რომ ამოისუნთქონ და ეს სიზმარი იყოს, თუმცა არა. იხედები ირგვლივ და ხედავ გულშემატკივრებს, ცრემლებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ხმამაღლა გვათქმევინებენ, რომ კობი იყო სიტყვა კალათბურთის დიად წინადადებაში. სიტყვა, რომელიც ყველაფერს ერგება და ალამაზებს, აცოცხლებს და თავისუფლებას სძენს.

ვინ იყო კობი ბრაიანტი, როგორც კალათბურთელი



კობი შეპყრობილი იყო პერფექციონიზმით, მას ყოველთვის მაქსიმალური სურდა. სურდა დამსგავსებოდა ჯორდანს და მისი მანერები პარკეტზეც გადაიტანა, თუმცა როგორც სრულყოფილი კალათბურთელი იგი არავის ჰგავდა, იგი უბრალოდ კობი ბრაიანტი იყო. არავის შეეძლო შორი დისტანციიდან ისე მარტივად ქულების მოპოვება, როგორც კობის.

33, 643 ქულა, ხუთი ბეჭედი, ორი ოლიმპიური ოქრო, თამაშში 81 ქულა და კარიერის ბოლო მატჩში უზადო პერფორმანსი - 60 ქულა, ლეიკერსის გამარჯვება და პარკეტზე ისმის მხოლოდ ერთი : კობი! კობი! კობი! ყველა ბედნიერი იყო, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ბრაიანტის ბოლო გასროლა იქნებოდა, ფეიერვეკის ბოლო გასროლა, რომელსაც ყველა შესცქეროდა და ხარობდა.


ალბათ, კობის რაღაც ნაწილი ამას გრძნობდა, ამიტომ მან შედევრი დაგვიტოვა

ყველაზე მეტად კი მისი თავგანწირვა გვახსენდება. სპორტსმენი, რომელსაც თავისი საქმე უყვარდა - მიდის, უტევს, რისკავს, ეცემა, ფეხზე დგება და ისევ მიდის, ბურთის სიყვარული და გულშემატკივრების ბედნიერი სახეები ისევ ფეხზე აყენებს და ძალას აძლევს...

რა დაგვრჩა კობის წასვლის შემდეგ



მძიმე იყო, 26 იანვარი საშინლად მტკინვეული იყო. ყველა ტიროდა, ყველა ყვავილით ხელში დადიოდა, ყველა გრძნობდა, რომ სამყაროს თითქოს რაღაც მოწყდა და ფერფლად იქცა... თუმცა არა, ეს ფერფლი არ გამქრალა, ის ჩვენს გულებში ინახება და იგი ყოველთვის გვახსენებს, გვახსენებს, რომ კობი არ წასულა, იგი აქ არის, ჩვენს გვერდით.

გვახსენებს, რომ მან 20 წელი ტკივილებით ითამაშა, გვახსენებს, რომ მან შეუძლებელი შეძლო და კალათბურთი შეცვალა. ყოველდღე, როდესაც კობის ვიდეოებს ვუყურებთ ვტკბებით, ვიღიმით და ბედნიერება გვიყრობს, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ჩვენ 'განძი' დაგვიტოვა, რომელსაც მოვლა სჭირდება, რადგან ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ღირებულია. ნახვამდის, მე კობი ბრაიანტი ვარ....


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი