VIDEO: 2022 წელი | საქართველოს ეროვნული ნაკრების TOP 5 გოლი » სპორტის ხაზი

VIDEO: 2022 წელი | საქართველოს ეროვნული ნაკრების TOP 5 გოლი

VIDEO: 2022 წელი | საქართველოს ეროვნული ნაკრების TOP 5 გოლი
18-01-2023, 17:50
Aa Aa
გაზიარება:

2022 წელი საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რომლის ფარგლებშიც ჩვენმა ბიჭებმა თავი ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენით დაგვამახსოვრეს. თუნდაც რად ღირს ფაქტი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი (11 მატჩიანი წაუგებელი სერია) სწორედ გასულ წელს დაფიქსირდა.

თუ წლებს იმედის ჩასახვის მიხედვით დავახარისხებთ, წესით 2022 წელს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უნდა მივანიჭოთ. იმის დასტურად, რომ შარშანდელი წელი ქართული ფეხბურთისთვისა და ქართველი გულშემატკივრისთვის სიხარულითა და წარმატებით აღსავსე იყო, შეგვიძლია დინამო არენაზე გამართული შეხვედრები გავიხსენოთ, რომელიც გულანთებული ქომაგებით მუდმივად ივსებოდა, აქ ჩამოსულ მეტოქეს კი თამაში ჯოჯოხეთურად უჭირდა. გაიხსენეთ ის ეპიზოდი, როდესაც ბულგარეთთან სახლში ქულები დავთმეთ (ზედიზედ 3 მოგების შემდეგ), მაგრამ ტრიბუნებიდან ნაადრევად არავინ წასულა, პირიქით, გულშემატკივრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ოვაციებითა და დროშის ფრიალით ამხნევებდნენ, ეს ნამდვილი საოცრება იყო, ისეთი საოცრება, რომელიც გულს ყველა ჩვენგანს გაუთბობდა.

ამდენად, რადგან ასეთ მნიშვნელოვან და წარმატებულ წელზე ვსაუბრობთ, მოდით, გავიხსენოთ შარშანდელი წლის 5 ყველაზე გამორჩული და ლამაზი გოლი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაიტანა:

მეხუთე ადგილი - გიორგი წიტაიშვილის სოლო დრიბლინგი და ბრწყინვალე გოლი გიბრალტარის ნაკრების კარში. ალბათ, ეს ის გოლია, რომელიც გიორგის შესაძლებლობებს ყველაზე კარგად აღწერს.

მეოთხე ადგილი - ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავი ფორვარდული მოძრაობა და იდეალური თავური ბულგარეთის ნაკრების კარში. ასეთი გოლის ფონზე, სულაც არაა გასაკვირი, რომ ზურიკო ბორდოს კალიბრის კლუბმა წაიყვანა.

მესამე ადგილი - ხვიჩა კვარაცხელიას უმაღლესი კლასი და თავზე გადაგდებული ბურთი გიბრალტარის მეკარისთვის. რეალურად, კვარასგან რა აღარ გვინახავს, მაგრამ ასეთი სტილის გოლი ხვიჩასგან მართლაც აღმაფრთოვანებელი იყო.

მეორე ადგილი - ფანტასტიკური კომბინაცია გიბრალტარის წინააღმდეგ, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ დააგვირგვინა. აქ არა გოლი, არამედ გუნდური ძალისხმევა და სულისკვეთებაა გამოსარჩევი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ წარმოაჩინა.

პირველი ადგილი - მოწინავე პოზიციაზე, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას ყუმბარისებული დარტყმა გავიდა, რომლითაც მან ჩრდილოეთ მაკედონიის კარი აიღო. ალბათ, კვარას ეს ორი გოლიც კი ნათლად ცხადყოფს, თუ როგორი კლასის მოთამაშესთან გვაქვს საქმე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი