გორში 2022 წლის სპორტული შედეგები შეაჯამეს - საუკეთესო სპორტსმენად გენო პეტრიაშვილი დასახელდა » სპორტის ხაზი

გორში 2022 წლის სპორტული შედეგები შეაჯამეს - საუკეთესო სპორტსმენად გენო პეტრიაშვილი დასახელდა

გორში 2022 წლის სპორტული შედეგები შეაჯამეს - საუკეთესო სპორტსმენად გენო პეტრიაშვილი დასახელდა
28-12-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

გორში 2022 წლის სპორტული შედეგები შეაჯამეს, წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებიც გამოავლინეს...

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში გაიმართა, მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტის 13 სახეობის წარომადგენელი ასამდე სპორტსმენი, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის, სხვადასხვა თანხით დააჯილდოვა.

ფულადი ჯილდოები ერგოთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, როგორც დიდებში, ისე 23-წლამდელებში, ახალგაზრდებში, კადეტებსა და 15-წლამდელებში სამივე სინჯის მედლების მომპოვებლებს, ასევე, საქართველოს ჩემპიონებს და სათამაშო სახეობებში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებს. დაჯილდოვდნენ აგრეთვე ამ სპორტსმენთა პირადი მწვრთნელებიც. ღონისძიებაზე დასახელდნენ წლის საუკეთესონი სხვადასხვა ნომინაციაში...

წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელმაც წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.

გორში 2022 წლის სპორტული შედეგები შეაჯამეს - საუკეთესო სპორტსმენად გენო პეტრიაშვილი დასახელდა

პეტრიაშვილს გამორჩეული წელი ჰქონდა

წლის საუკეთესო მწვრთნელად პეტრიაშვილის ამჟამინდელი მწვრთნელი არჩილ ბარამიძე დაასახელეს, რომელიც ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელი გახლავთ. 2022 წელს, მისმა აღზრდილმა სპორტსმენებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე 9 მედალი აიღეს.

წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს აგრეთვე კალათბურთის ღვაწლმოსილი ადგილობრივი სპეციალისტი ვერა შავშიშვილი. ქალბატონი ვერა 50 წელია გორში სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული და ქალთა კალათბურთში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებისთვის ათეული წლების მანძილზე უამრავი კადრი ჰყავს აღზრდილი.

2022 წელს, მისმა შეგირდმა ნატალი ჩუტკერაშვილმა, რომელიც საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრების წევრია ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველი ადგილი დაიკავა.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი გახდა - ძიუდოისტი საბა სამადაშვილი (პირადი მწვრთნელი ანზორ თენაძე), რომლის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში კადეტთა შორის მოპოვებული მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულებია.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა გახდა - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ანნა გოდელაშვილი (პირადი მწვრთნელი გიორგი გოგშელიძე). ანნა წლევანდელ სეზონში კადეტთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი - "დილა", რომელმაც 2022 წელს საქართველოში გამართულ ყველა შეჯიბრებაზე გაიმარჯვა - გახდა საქართველოს ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი. ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "დილა" გაისად ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

და ბოლოს გამოარჩიეს წლის საუკეთესო სპორტული სკოლაც (ხელმძღვანელი არკადი ხინჩიკაშვილი) - ნუგზარ სხირელის სახელობის სკოლა, რომელიც თავისი აღზრდილი სპორტსმენების წარმატებებით ცნობილია როგორც საქართველოში, ისე - მსოფლიოში. სხირელის სკოლამ წლევანდელი სპორტული წელიც ჩვეულად ნაყოფიერად ჩაატარა.

სპორტსმენები, გუნდები და მწვრთნელები დააჯილდოვეს - ქალაქის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს და რეგიონის გუბერნიის ხელმძღვანელებმა, გორის სპორტის მესვეურებმა, სპორტულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებმა. ისინი სამომავლოდაც გვერდში დგომას და მხარდაჭერას შეჰპირდნენ სპორტის სფეროს წარმომადგენლებს და აღინიშნა რომ დაჯილდოება წლის მიწურულს სამომავლოდაც გაგრძელდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი