მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის მთავარმა არბიტრმა, პოლონელმა სიმონ მარჩინიაკმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ის მომენტი გაიხსენა, სადაც მან შეცდომა დაუშვა:
"ფინალში შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო, რადგან მას ყველა უშვებს, უშეცდომო არავინაა. ჩემი საფინალო შეცდომა ის იყო, როდესაც საფრანგეთის მწვავე კონტრშეტევა აკუნიას მძიმე ჯარიმის გამო გავაჩერე. იმ მომენტში, ფრანგებისთვის თამაშის გაგრძელების უფლება უნდა მიმეცა, თუმცა, ვფიქრობ, სხვა მხრივ, კარგად ვიმსაჯე." - სიმონ მარჩინიაკი.
აღსანიშნავია, რომ პოლონელ მსაჯს ჟურნალისტებმა ლეო მესის მეორე გოლზეც ჰკითხეს, რა დროსაც არგენტინელთა სათადარიგოები მინდორზე იყვნენ შემოსულები, რის გამოც, მათი აზრით, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. ამის საპასუხოდ, მარჩინიაკმა ჟურნალისტებს მობილურით ფოტო აჩვენა, სადაც მბაპეს გოლის დროს, ფრანგებიც ანალოგიურს აკეთებენ.