ბრაზილია - ხორვატია | კაზემიროსა და მოდრიჩის დუელი? » სპორტის ხაზი

ბრაზილია - ხორვატია | კაზემიროსა და მოდრიჩის დუელი?

ბრაზილია - ხორვატია | კაზემიროსა და მოდრიჩის დუელი?
9-12-2022, 16:50
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება შედგება, სადაც ერთმანეთს იაპონიასთან თამაშის შემდეგ, ენერგიაგამოცლილი ხორვატია და სამხრეთ კორეასთან ფარფატით გამარჯვებული ბრაზილია შეხვდებიან - მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

ზლატკო დალიჩის ხორვატიამ ჯგუფი წვალებით გადალახა მას შემდეგ, რაც უკანასკნელ ბრძოლაში მისმა გუნდმა რობერტო მარტინესის ბელგიასთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა უგოლოდ ჩაატარა, ქულას დასჯერდა და პლეი ოფში მეორე ადგილით გავიდა, სადაც ევროპელებმა იაპონელებს პენალტების სერიაში დომინიკ ლივაკოვიჩის გმირობის ხარჯზე სძლიეს. მიუხედავად ამისა, ბალკანელები მაინც იმედოვნებენ, რომ მათი ფანტასტიკური ნახევარდაცვის სამეული, დღეს, ბრაზილიასთან დამაჯერებლობის პიკს მიაღწევს და ხორვატიას მუნდიალის 1/2 ფინალის საგზურს ზედიზედ მეორედ მოუტანს.

ბრაზილიის ნაკრებმა ტურნირის მთავარი სპექტაკლი სამხრეთ კორეასთან 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში დადგა, რომლითაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა მთელი სამყარო აღაფრთოვანა. სწორედ ასეთი ბრწყინვალე გამარჯვების ფონზე, ტიტეს გუნდმა მილიონობით გულშემატკივარს გაუფანტა ის ეჭვები, რომლებიც კამერუნთან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მარცხის შემდეგ წარმოიშვა, - ბრაზილია დაფრინავს და ამას მტკიცება უკვე აღარ სჭირდება!

გუნდების სიახლეები:

ხორვატიის ნაკრებში ტრავმიანობა არც თუ დიდი პრობლემაა, რადგან ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც მუნდიალის 1/4 ფინალის გამოტოვების საფრთხე ემუქრება დალიჩის გუნდის განაპირა მცველი, ბორნა სოსა გახლავთ. რაც შეეხება როტაციას, როგორც უცხოურ მედიაში იწერება, დიდი შანსია, რომ ძირითად შემადგენლობაში მარკო ლივაია ვნახოთ, რომელიც ბრაზილიის კარზე იქნება დაგეშილი.

ბრაზილიაში კარგი ამბებია: მიუხედავად იმისა, რომ გუნდს გაბრიელ ჟესუსი და ალექს ტელეში მთელი მუნდიალის განმავლობაში დააკლდებიან, სამაგიეროდ ტიტეს ორივე განაპირა მცველი, როგორც დანილო, ისე ალექს სანდრო დაუბრუნდა, რომლებმაც ტრავმის მოშუშება იდეალურ დროს შეძლეს.

გუნდების სავარაუდო XI-ები:

ხორვატია: ლივაკოვიჩი | იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა (?) | ბროზოვიჩი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი | კრამარიჩი, ლივაია, პერისიჩი.

ბრაზილია: ალისონი | დანილო, მარკინიოსი, სილვა, მილიტაო | კაზემირო, ნეიმარი, პაკეტა | ვინისიუსი, რიშარლისონი, რაფინია.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია:

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებები ერთმანეთს აქამდე 5-ჯერ შეხვედრილან, სადაც 3-ჯერ ბრაზილიამ გაიმარჯვა, ორჯერ კი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ცნობისთვის, ამავე გუნდების მატჩები მუნდიალზე ისტორიაში ორჯერ ვიხილეთ, ჯერ 2006 წელს, როდესაც ბრაზილიამ მეტოქე 1-0 დაამარცხა, მეორედ კი 2014 წელს, როცა სამხრეთ ამერიკელებმა ხორვატებთან 3:1 მოიგეს. ამდენად, ხორვატიას დღევანდელ მეტოქესთან მუნდიალზე ფრეც კი არასდროს უთამაშია.

საინტერესო ფაქტები:

ნეიმარს ხორვატიასთან სულ 2-ჯერ უთამაშია, აქედან კი, მან მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.

ბრაზილიას განაცხადის ყველა მოთამაშე აქამდე მუნდიალზე არასდროს გამოუყენებია - ეს სწორედ კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა.

ეს არის ხორვატიისთვის მესამე შემთხვევა, როდესაც მათ პლეი ოფში გასვლა მოახერხეს.

ხორვატიამ 2018 წლის მუნდიალის ფინალში ითამაშა, 1998 წელს კი მესამე ადგილი დაიკავა.

ხორვატიამ თავისი ბოლო ორი მუნდიალიდან ჯგუფური ეტაპი ორივეჯერ დაძლია, რაც მათ საფეხბურთო ისტორიაში პირველად მოხდა.

ხორვატია მუნდიალის პლეი ოფში არაევროპულ ნაკრებს ისტორიაში მეორეჯერ ხვდება - მათ პირველად იაპონიასთან ითამაშეს და აზიელების დამარცხებაც შეძლეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი