როგორც RMC Sport-მა დაწერა, პარი სენ-ჟერმენი მოწადინებულია, რომ ბორნმუთიდან უკრაინელი ფეხბურთელი, ილია ზაბარნი დაიმატოს, რომელსაც პარიზში გადასვლის იდეა თავადაც ხიბლავს, დანარჩენი კი კლუბთან მოლაპარაკების საკითხი იქნება.
ფაქტი, რომ ის უკრაინელია, პარი სენ-ჟერმენს კი კლუბში რუსი მეკარე ჰყავს, უმნიშვნელო ამბავი სულაც არ არის. საქმე ისაა, რომ ზაბარნი იმ უკრაინელ ფეხბურთელთა სიაშია, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ხმას ხშირად იღებენ და თავის ქვეყანას გვერდში აქტიურად უდგანან. მაგალითად, ზაბარნიმ 12 ისეთ ოჯახს გაუწია ფინანსური დახმარება უკრაინაში, რომელთა წევრიც მტერთან ომს შეეწირა.
გარდა ამისა, ილია ზაბარნის არაერთი კომენტარი მოიპოვება რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, ის მზადაც კი იყო, რომ ინგლისიდან უკრაინაში დაბრუნებულიყო და რუსების წინააღმდეგ ომში ჩაბმულიყო, ახლა კი მისთვის რუსი მატვეი საფონოვის დანახვა არც ისე სასიამოვნო უნდა იყოს.
სხვათა შორის, ზოგიერთი კიევური გამოცემა იმასაც კი ამტკიცებს, რომ ზაბარნი პარიზში სწორედ საფონოვის გამო არ წავა, რადგან ახლა უკრაინელებს რუსების დანახვა თვალითაც კი არ სურთ.
ამდენად, გუნდში ერთბაშად უკრაინელი და რუსი ფეხბურთელების ყოლამ შეიძლება ის ჯანსაღი ატმოსფერო დაარღვიოს, რაც პარი სენ-ჟერმენის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა.