ნიკა ჯღარკავა გადადგა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან და დატოვა აღმასრულებელი კომიტეტიც — ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ფედერაციის XXXV რიგითი ყრილობის გახსნისას განაცხადა. როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ჯღარკავა ფედერაციის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო და მისი წასვლა გულდასაწყვეტია, თუმცა გუნდმა პატივი სცნო მის გადაწყვეტილებას და მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის.
ნიკა ჯღარკავას სფფ-ში საქმიანობა 2015 წლიდან დაიწყო. ის მანამდე "დინამო თბილისის" დირექტორის პოსტს იკავებდა. მისი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა მასობრივი ფეხბურთის განვითარების პროექტები იყო, რომლის შედეგადაც ქვეყანაში რეგისტრირებული ფეხბურთელების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 12 ათასიდან 40 ათასამდე გაიზარდა.
ფედერაციის რიგითი ყრილობა დღეს, 12:00 საათზე სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გაიხსნა. დღის წესრიგის მიხედვით, დელეგატები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობენ, რაც ფედერაციის მომავალ საქმიანობას განსაზღვრავს.