რამდენიმე დღის წინ იტალიური მედიის ცნობით, ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ დატოვება და „იუვენტუსში“ დაბრუნება გადაწყვეტილი ამბავი ჩანდა. ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყებოდა, რომ კონტე სეზონის დასრულების შემდეგ კვლავ „ბიანკონერის“ სათავეში ჩადგებოდა, ხოლო ნეაპოლური კლუბი მის შემცვლელად მასიმილიანო ალეგრის განიხილავდა.
თუმცა სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ კონტე გუნდში შეინარჩუნოს. იგი მზადაა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხუთი მნიშვნელოვანი შენაძენი განახორციელოს, რაც გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.
იმავდროულად, „მილანმა“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ალეგრისთან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მწვრთნელების ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საინტერესოა ისიც, რომ Corriere dello Sport-ის ცნობით, კონტეს ოჯახი – მეუღლე და ქალიშვილი – ნეაპოლში დარჩენას ამჯობინებენ, თუმცა თავად ანტონიომ ჯერ კიდევ მარტში სიტყვიერად დაადასტურა „იუვენტუსში“ დაბრუნების სურვილი.
დასასრულს შეგახსენებთ, რომ კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ 2024/2025 წლების სეზონში სერია A მოიგო, რაც მის დარჩენას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის კლუბისთვის. დე ლაურენტისის მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის – წარმატებული მწვრთნელის შენარჩუნება.