ჩაკვე ევერტონში - რატომ არის ტრანსფერი ყველაზე რეალური » სპორტის ხაზი

ჩაკვე ევერტონში - რატომ არის ტრანსფერი ყველაზე რეალური

ჩაკვე ევერტონში - რატომ არის ტრანსფერი ყველაზე რეალური
6-04-2025, 11:52
Aa Aa
გაზიარება:

უკვე დიდი ხანია სახელდება სამივე იმ ინგლისური კლუბის ვინაობა, რომლებსაც უოტფორდიდან ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის წაყვანა სურთ.

ესენი ლესტერი, ვულვერჰემპტონი და ევერტონი არიან, გიორგისთვის კი ყველაზე კარგი ვარიანტი სწორედ ეს უკანასკნელი უნდა იყოს.

ლესტერი

ლესტერ სიტიმ 2010-იანებში გაჩემპიონების შემდეგ რეგრესი დაიწყო. გუნდი ნელ-ნელა დაიცალა წამყვანი ფეხბურთელებისგან და ბოლოს ჯეიმი ვარდიღა შემორჩა, რომელსაც ზუსტად არც არავინ იცის თუ რამდენი აქვს ფეხბურთში დარჩენილი. ლესტერი ამ სეზონშიც საკმაოდ არადამაჯერებელია. გუნდში რამდენიმე ტურის წინ მთავარ მწვრთნელად ნისტელროი დანიშნეს, რომელმაც მანჩესტერს დროებით მშენივრად უთავკაცა, თუმცა მთლად მხსნელი არც ის გამოდგა. ლესტერი ახლა გასავარდნ ზონაშია და საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ გუნდმა ახალი სეზონი ჩემპიონშიპიდან დაიწყოს.

ვულვერჰემპტონი

ბოლო წლებში ვულვზი საკმაოდ არაპროგნოზირებადი გუნდია. იყო სეზონები, როდესაც 'მგლები' წარმატებით თამაშობდნენ და დიდი ექვსეულის გუნდებს ხშირადაც ამარცხებდნენ კიდეც, მაგრამ მიმდინარე სეზონი ვულვზისთვის ძალიან არადამაკმაყოფილებელი გამოდის. სხვათა შორის, ვულვზში დიდი ხანია დგას პორტუგალიელების ფავორიტიზმის საკითხიც. გუნდს პორტუგალიური ბაზარი როგორც მოთამაშეების, ისე მწვრთნელების დონეზე ძალიან კარგად აქვს ათვისებული და უპირატესობაც სწორედ მათ ენიჭებათ, რაც ჩაკვესთვის არც ისე კარგი ამბავია.

ევერტონი

გუდისონ პარკის ბინადრები ბოლო წლებში გავარდნას ბევრჯერ გადაურჩნენ. ალბათ, ისიცაა, რომ ისტორიული სახელი და აურაც მოქმედებს. გუნდი არც ამ სეზონშია დამაჯერებელი, თუმცა ევერტონი მე-18 პოზიციას უკვე 15 ქულით უსწრებს და ეჭვი არაა, რომ პრემიერ ლიგაში დარჩება. თანაც, სეზონის ბოლოსკენ დევიდ მოიესის ხელში ლურჯები მართლაც კარგად გამოიყურებიან, რომლებსაც კრეატიული ნახევარმცველის დანამატი ნამდვილად არ აწყენდათ.

ჰო მართლა, ჩაკვე უოტფორდში დარჩენას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ გუნდი პრემიერ ლიგაში აღზევდება, რისი შანსებიც ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე სულ უფრო და უფრო მცირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი