უმცროსი ბორჯღალოსნები 29 მარტს (16 საათი) „ავჭალაზე“ ფრანგ თანატოლებთან ამხანაგურ თამაშს გამართავენ, რის შემდეგაც საფრანგეთის ქალაქ ვიშში გაემგზავრებიან და ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მეორედ ითამაშებენ.
ფესტივალზე ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 10 აპრილს იტალიას, 14-ში უელსს, ხოლო 18-ში ირლანდიას შეხვდებიან.
ამ ოთხი უმაგრესი თამაშისთვის უმცროსი ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე უკვე მესამე კვირაა ემზადებიან. გუნდთან ერთადაა დემეტრე დევდარიანი, რომელიც სექტემბრიდან ინგლისში იმყოფება და ‘სენტ მერის’ ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ექვსი ერის ფესტივალზე პირველად შარშან ითამაშეს და საფრანგეთი 20:19 დაამარცხეს. წელს საფრანგეთს ფესტივალზე არ ვეთამაშებით, თუმცა მათ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს და 29 მარტს უმცროსი ბორჯღალოსნები ბოლო საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.
RUGBY.GE