საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას 20 მარტს, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, ერევანში გამართავს.
ჩვენი გუნდი სომხეთის დედაქალაქში 19 მარტს ჩავიდა და თამაშის მასპინძელ ვაზგენ სარგსიანის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.
ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა. მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის კითხვებს ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა, რომელიც ხვალინდელ შეხვედრაში ნაკრების კაპიტანი იქნება. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
"სომხეთის ნაკრები თავს გუნდურად დაიცავს და ეცდებიან სწრაფი კონტრშეტევებით შემოგვიტიონ. თუმცა, სახლში თამაშობენ, გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ და, შესაძლოა, განსხვავებული სტილითაც ითამაშონ. ამიტომ, ჩვენ თავზე ვკონცენტრირდებით. ვცდილობთ მაქსიმალურად მოვემზადოთ და ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი.
კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. კლუბშიც ხშირად ვყოფილვარ კაპიტანი, მაგრამ სანაკრებო დონეზე ეს განსაკუთრებული მომენტია და მეტად საპასუხისმგებლოა. ამისთვის მზად ვარ და მადლობა მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის. იმედია წარმატებული აღმოჩნდება ჩემი პირველი თამაში კაპიტნის რანგში. რთულია შეცვალო ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამ კაშიაა, მაგრამ ვეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო ამისთვის".
- ამბობს კიტეიშვილი.