ქუთაისმა ტყიბულში ორბი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერთა შორის დაბრუნდა » სპორტის ხაზი

ქუთაისმა ტყიბულში ორბი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერთა შორის დაბრუნდა

ქუთაისმა ტყიბულში ორბი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერთა შორის დაბრუნდა
დღეს, 15:27
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისი არის გუნდი, რომელმაც სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველმა მიაღწია 10 გამარჯვებას. ამ შედეგის დასაფიქსირებლად კოტე ტუღუშის გაწვრთნილ იმერულ კლუბს 14 მატჩი დასჭირდა. შესაბამისად, ქუთაისელებს 10 მოგება და 4 მარცხი აქვთ და ცხრილში მე-2 ადგილზე არიან. პირველზე გორის ივერიონია, რომელსაც ქუთათურებზე 1-ით მეტი მატჩი აქვთ გამართული, თუმცა ქულები თანაბარია. გორელები პირად შეხვედრაში გამარჯვების ხარჯზე უსწრებენ ქუთაისს.

მეათე გამარჯვება მოქმედმა ჩემპიონმა ტყიბულში მოიპოვა, სადაც სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი ორბი 89:77 დაამარცხა. ორბმა ბოლო 2 მატჩი მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ადგილზე რჩება, სუპერლიგაში დარჩენის რეალური შანსი მიეცა. დღესაც რომ მოეგოთ, ტყიბულელებს მართლაც ბრწყინვალე შანსი მიეცემოდათ, მაგრამ სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა და ტიტულის დასაცავად მომართულმა ქუთაისმა შანსი არ დაუტოვა.

გადამწყვეტი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ქუთაისმა 30:21 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 13 ქულით დაწინაურდა. ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში მისთვის სასურველი შედეგამდე იოლად მიიყვანა და ლიდერთა შორის დაბრუნდა. ქუთაისელთაგან შეუჩერებელი იყო აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ელაია ჯოინერმა 10 ქულა და 11 პასი მოაგროვა, 13-13 ქულა გიორგი სულაბერიძისა და მარქილ სმიტის ანგარიშზე დაგროვდა. ორბში 27 ქულა ჰქონდა დონდრე რედიკს,, საუკეთესო კი ტაისონ ჯექსონი იყო 23 ქულითა და 10 მოხსნით.

სუპელრიგის მე-15 ტური ხვალ, 13 მარტს, კავკასიისა და რაშის დაპირისპირებით დასრულდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი