გურჯაანი, ქუთაისი, რაში, კავკასია, ორბი, მარგვეთი და დღეს ვსა-ც. ეს ის გუნდებია თანმიმდევრობის მიხედვით, რომლებმაც თასის მოქმედი მფლობელი თსუ დაამარცხეს. უნივერსიტეტელებმა ზედიზედ 7 მატჩი წააგეს და როცა ესეთ შედეგს რომელიმე გუნდი აჩვენებს, ცხრილის ბოლოში თუ არა, ქვედა ნაწილშია ხოლმე, თუმცა არა თსუ-ს შემთხვევაში. სანამ 7 მატჩს ზედიზედ წააგებდა, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ თსუ-ს ზედიზედ 8 მოგება ჰქონდა მოპოვებული და დღეს, მოგება-წაგებათა ხსენებული შეფარდებით სუპერლიგის ცხრილში მე-3 ადგილზეა.
დიახ, თსუ-მ სეზონი ისე დაიწყო, ბევრს აფიქრებინა, ჩემპიონი წაუგებლად გახდებოდა თუ სამადლოდ 1-2 შეხვედრას დათმობდა. 8-დან 8 მოგება სუპერლიგის სტარტზე და დაუმარცხებელი გუნდის იმიჯი, რომელიც სადღეისოდ აღარ არსებობს. პირველი მარცხი უნივერსიტეტელებს გურჯაანის დელტამ 21 დეკემბერს აგემა, რის შემდეგაც თსუ-ს თამაში აღარ მოუგია, თუმცა სასტარტო გამარჯვებების ხარჯზე ლიდერთა შორის ადგილს ინარჩუნებს.
GBF.GE