საქართველოს 7-კაცა სამხრეთ აფრიკაში 13 მოთამაშით გაემგზავრა » სპორტის ხაზი

საქართველოს 7-კაცა სამხრეთ აფრიკაში 13 მოთამაშით გაემგზავრა

საქართველოს 7-კაცა სამხრეთ აფრიკაში 13 მოთამაშით გაემგზავრა
25-02-2025, 15:08
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საღამოს საქართველოს 7-კაცა მსოფლიო სერიის შესარჩევი, ჩელენჯერის ორი ეტაპის სათამაშოდ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა.

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ჩელენჯერის სერიის პირველ ორ ეტაპს სამხრეთ აფრიკა, ქეიფთაუნი უმასპინძლებს. პირველი ეტაპი 1-2 მარტს, ხოლო მეორე 7-8 მარტს გაიმართება და მასში როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ჩელენჯერის სერიის ფორმატი წელს განსხვავებული იქნება და მესამე ეტაპზე 12-12-ის ნაცვლად 8-8 საუკეთესო (პირველი ორი ეტაპის შედეგების ჯამით) გუნდი ითამაშებს. მესამე ეტაპს პოლონეთი, კრაკოვი 11-12 აპრილს უმასპინძლებს და 4-4 საუკეთესო გუნდი მსოფლიო რაგბის 7-კაცა სერიის ფლეი ოფში გავა, რომელიც 3-4 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში გაიმართება.

ლოს ანჯელესშიც ქალთა და კაცთა თანრიგში 8-8 გუნდი ითამაშებს. ჩელენჯერის სერიის 4 მოწინავეს, 2025 წლის შედეგების მიხედვით 7-კაცა სერიის ბოლო 4 გუნდი დაემატება და ჯამში 8 ნაკრები, 2025/2026 წლების მსოფლიო რაგბის სერიის 4 საგზურისთვის იბრძოლებს.

არის სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებაც. გუნდები სამ 4-გუნდა ჯგუფის ნაცვლად, ოთხ სამგუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსნები, მეორე დღეს თასის ნახევარფინალს და პირველ-მესამე ადგილებს გაითამაშებენ; მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის იბრძოლებენ; მესამე ადგილოსნები კი მე-9-მე-12პოზიციებისთვის ირაგბებენ. შედეგად, უწინდელი 6 და 5 თამაშის ნაცვლად, თითო გუნდს მხოლოდ 4 თამაშის გამართვა უწევს.

პირველ ეტაპზე საქართველო ჯგუფში იაპონიასთან და გერმანიასთან მოხვდა. 1 მარტს 13:06 საათზე იაპონიას, ხოლო 16:27 საათზე გერმანიას ეთამაშება და ამის შემდეგ გაირკვევა რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი