უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გასამართ პირველ გასახურებელ მატჩში, შეკრებაზე მყოფი თითქმის ყველა მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენი გუნდი ზაფხულში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება და „უმცროს ქურციკებს“ 23 თებერვალს “ავჭალაზე” 16 საათზე, ხოლო 28 თებერვალს “ლელო არენაზე” 15 საათზე ერკინება.
მთავარ მწვრთნელ ლადო კილასონიას ამ მეთოდისთვის ადრეც არაერთხელ მიუმართავს. სეზონის პირველ მატჩში ის მაქსიმალური ოდენობის მოთამაშეს აძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას, რათა მთავარი ტურნირისთვის სელექცია გაუმარტივდეს.
„აქამდე მხოლოდ ერთმანეთში ვთამაშობდით და ახლა პირველად დავუპირისპირდებით უცხო გუნდს და თანაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს სამხრეთ აფრიკას, რომელმაც საქართველოში წამოსვლამდე ორი ამხანაგური თამაში ჩაატარა, აქ კი მართვადი ვარჯიში ქონდა ‘ლელოსთან’. რადგან პირველი თამაშია, მოთამაშეების დიდ რაოდენობას გამოვცდით და ვეცდებით ყველას მივცეთ სათამაშო დრო. მზადების ამ ფაზაში ხშირად მივმართავთ ექსპერიმენტებს. მზადება სულ რაღაც 6 დღის წინ დავიწყეთ და მარტივ რაგბის ვითამაშებთ. ჩვენთვის გამოწვევაა ის, რომ მოკლე დროში უნდა განვიცადოთ პროგრესი და სწრაფი ტემპით დავეწიოთ სამხრეთ აფრიკას“ - ამბობს კილასონია და განაგრძობს:
„გვიან შემოგვიერთდნენ გიორგი ხაინდრავა და დავით ლაგვილავა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებული და ისინი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობენ. გვაქვს მიკრო-ტრავმები და გვყავს რამდენიმე სიცხიანი მოთამაშე. მთლიანობაში, ამ ეტაპზე თითქმის ყველა მოთამაშე გვყავს, ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი - 20-წლამდელების კარი ყოველთვის ღიაა როგორც შემომსვლელებისთვის, ასევე გამსვლელებისთვის“.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ კლუბს და მწვრთნელს, რომლებმაც ამ ბიჭების სპორტსმენებად აღზრდაში მიიღეს მონაწილეობა. 18-წლამდე ნაკრების მწვრთნელებმა ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც მეორე ტურნირზე 1 წლით პატარა მორაგბეები წაიყვანეს და ამით თითოეულ პოზიციაზე კონკურენცია გაზარდეს. ეს ძალიან მაგარი ამბავია როგორც მწვრთნელისთვის, ასევე მოთამაშისთვის. სისტემა, რომელიც ბოლო პერიოდში რაგბის კავშირმა დანერგა ძალიან კარგად მუშაობს. 20-წლამდელები მჭიდრო კავშირში ვართ როგორც 18-წლამდელებთან, ასევე ‘შავ ლომთან’ და ეროვნულ ნაკრებთან და ეს გამართული ვერტიკალი აუცილებლად მოგვიტანს შედეგს“.