ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში მეორე წრე დაიწყო. პირველობის მე-6 ტურში მხოლოდ 3 შეხვედრის გამართვა მოხერხდა. დასავლეთ საქართველოში მოსული თოვლის ჭარბი ოდენობის გამო, ორგანიზატორებს მორაგბეთა უსაფრთხოების მიზნით ბათუმსა (‘ბათუმი’-‘აკადემია’) და ქუთაისში (‘აია’-‘არმია’ და ‘აია’-2-‘არმაზი’)გასამართი შეხვედრების გადავადება მოუხდათ.
პირველ ჯგუფში ‘ლელო’ ლიდერობას დამაჯერებლად აგრძელებს. დიდ დიღმელებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრა მოიგეს და პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 1 მატჩში ვერ შეძლეს. ჩემპიონმა 29 ქულას მოუყარა თავი და მდევარ ‘ბათუმს’ 10 ქულით უსწრებს. ‘აკადემია’ 14 ქულით მესამე ადგილზე რჩება.
‘ფოთმა’ მიჯრით მე-2 გამარჯვებით და 10 საცხრილო ქულით მე-4 პოზიციაზე აინაცვლა და ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე 8 ქულის მქონე ‘ხარები’ ჩაანაცვლა. კინკილა ქულის მქონე აუტსაიდერი ‘წიქარა’ კი ორივე ჯგუფის მონაწილეთა შორის ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება.
მესამე მასივში, ჩემპიონი ‘ლელო’ აუტსაიდერ ‘წიქარასთან’ საგრძნობ უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა. ჩემპიონი აქცენტს თამაშის კომბინაციურ სტილზე აკეთებდა და ხელდახელ თამაშში, მეტოქეს ტაიმებში 5-5 ლელო გაუნაწილა.
‘ლელო’ მარბიელ ირაკლი ცერცვაძის გატანილი ლელოთი დაწინაურდა. მასპინძელთა მხტომელმა ედო თუთბერიძემ „დუბლი“ შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში თუთბერიძის მეორე გატანილი ლელოთი დაფიქსირდა - 68:10. ‘ლელოს’ ჰავბეკმა ოთო ტალახაძემ 9 გარდასახვა გამოიყენა და მხოლოდ 1 გააცუდა. ‘წიქარა’ კი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს, მეორე ტაიმში მარბიელი კაპიტნის ლუკა ტლაშაძის მიერ გატანილი წყვილი გარდაუსახავი ლელოებით გადაურჩა.
„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-‘ფოთის’ შეხვედრაში თოვლით დამძიმებულ მოედნის გრუნტს უკეთ ალღო კოლხებმა აუღეს. ზალიკო კილასონიას ბიჭები ფეხით ზუსტ და პრაგმატულ დარტყმებს ანხორციელებდნენ, რამაც ფოთელებს პირველ ტაიმში გარკვეული უპირატესობა მოუტანა. მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, კოლხთა მგეზავმა კაპიტანმა ლუკა ჭაკუამ თავისივე დადებული ლელო გარდასახა და ზედ 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო. ტაიმის მიწურულს კვაჭ საბა ივანიძის გარდაუსახავი ლელოთი ‘ხარებმა’ პირველი სამატჩო ქულები აიღო.
მეორე ნახევარში ჭაკუას მორიგი ზუსტად დარტყმული ჯარიმით კოლხებმა ანგარიშში სხვაობა გაზარდეს. ‘ხარები’ მედგრად იბრძოდა, სტატიკაში უპირატესობას ფლობდა და მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე რუსთაველთა მეორე ძალისმიერი ლელო მხტომელმა ნიკა მუმლაძემ გაიტანა. მასპინძელთა შუამარბ დემეტრე გიორგაძეს მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა, რამაც ქვემო ქართლელები ნუგეშ-ქულის გარეშე დატოვა. ‘ფოთმა’ პირველ წრეში განცდილი საშინაო მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო - 19:10.
მეორე ჯგუფში მხოლოდ 1 მატჩი გაიმართა და მაქსიმალური შედეგით, 30 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ‘ხვამლი’ უდგას.
ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ ცხრილში მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ ‘ხვამლს’ უკვე 15 ქულით ჩამორჩება. ‘აიას’ მდევარ ‘არმიას’ აქტივში 14 ქულაა. ‘ლოკომოტივი’ 9 ქულით მოწინავე კვარტეტში დარჩა და ცხრილის ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ მარნეულის ‘არმაზს’ 4 ქულით აღემატება. ‘აია’-2-კი 4 ქულით ჯგუფის აუტსაიდერად რჩება.
„ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლი’-‘ლოკომოტივის’ დედაქალაქური დერბი მუხიანელთა უპირატესობით წარიმართა. დათო ცხვედიანისა და რატი ურუშაძის ბიჭები უპირატესობას ხელდახელ თამაშს ანიჭებდნენ და უმეტესად ლაღად, სწრაფად კომბინირებდნენ. ‘ხვამლის’ წარმატებას სათავე მარბიელ ლუკა წვერავას გატანილმა ლელომ დაუდო, ხოლო მასპინძელთა ფულბეკმა კაპიტანმა რეზი ცხვედიანმა „დუბლი“ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ‘ხვამლმა’ პრემიალური ქულა ცხვედიანის მეორე გატანილი ლელოთი მოიპოვა. ‘ლოკომოტივმა’ თავის მხრივ ტაიმებში თითო გარდასახული ლელოს გატანა მოახერხა. პირველ ნახევარში თავი ჰავბეკმა კოტე ჩიტაძემ გამოიჩინა, მეორე ტაიმში კი მუხიანელებს ლელო მარბიელმა ნიკა კახელმა დაუდო. ჩიტაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა და მეორე ტაიმის დებიუტში გატანილი ჯარიმით ანგარიშში ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, რის შემდგომ მუხიანელებმა უპირატესობა დაიბრუნეს და დარჩენილ დროში „რკინიგზელებს“ ერთით მეტი ლელო დაუდეს. ‘ხვამლმა’ შეხვედრა ბონუს-ქულით მოიგო - 31:17.
RUGBY.GE