საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ესპანეთს 62:32 მოუგო და ნახევარფინალის საკუთარ კედლებში ჩატარების უფლება მიიღო.
იმისათვის, რათა ქართველებს 1/2-ფინალურ შეხვედრაში მასპინძლის სტატუსი მიეღოთ მეტოქე ბონუსქულით უნდა დაემარცხებინათ, რაც ბორჯღალოსნებმა პირველივე ნახევარში 6 ლელოს დადებით შეძლეს (სპანდერაშვილი, ლობჟანიძე, ტაბუცაძე, კარკაძე, ჯაფარიძე და ნინიაშვილი).
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელო დადო, თავი აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა, რომელმაც ამ თამაშში მეორე, ნაკრების მაისურით კი 46-ე ლელო მიითვალა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მელელოვეთა ათეულში შევიდა.
ცნობისთვის, ქართველი მორაგბეები ნახევარფინალში 1 ან 2 მარტს თბილისში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.