დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი ფრე დაფიქსირდა » სპორტის ხაზი

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი ფრე დაფიქსირდა

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი ფრე დაფიქსირდა
16-02-2025, 13:09
Aa Aa
გაზიარება:

crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში 63 თამაში გაიმართა და პირველი ფრე დაფიქსირდა. „ხვამლი არენაზე“ გამართულ დედაქალაქურ დერბიში ‘ხვამლმა’ და ‘ლელომ’ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 13:13.

უშეღავათო ბრძოლაში ორივე გუნდი ხელდახელ სწრაფი შეტევებით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ შეცდომებს ორივე მრავლად უშვებდა. ანგარიშში მასპინძლები მე-13 წუთზე დაწინაურდნენ. მათ დერეფნიდან ბურთი ფრთაზე ჩაათამაშეს და ეფექტური შეტევა ლაშა კაკაურიძის ლელოთი დასრულდა.

გაშვებული ლელოს შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და ტაიმის შუაში ნიკა ცინცაძის სინბინის შემდეგ 10 წუთით რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს. მართალია პეტრე ხუციშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა ‘ლელომ’ უპირატესობით მაინც იხეირა და მაღალ ტემპში განხორციელებული ფაზური შეტევა გუნდის კაპიტანმა სანდრო ქოიავამ ლელოთი დაასრულა. ხუციშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და 10:5 დაწინაურდა.

46-ე წუთზე ხუციშვილმა ჯარიმა 45 მეტრიდანაც გაიტანა და დიდ დიღმელთა უპირატესობამ 8 ქულას უწია, რაზეც ‘ხვამლმა’ ბურჯის, ჰამლეტ დვალის კარგი გარღვევით და შეტევით უპასუხა. ლელომ ის ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა და ზურა ქობელაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა ზუსტად შეასრულა.

დასკვნით წუთებში ‘ხვამლმა’ მოლსა და შერკინებაში უპირატესობა მოიპოვა და 66-ე წუთზე მოლი საბა კურტანიძის ლელოთი დასრულდა. მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო, მერე მასპინძლებმა მეტოქის 22-ში ორი საკუთარი დერეფანი დათმეს და ‘ლელომ’ მოგების შანსი მიიღო, თუმცა ხუციშვილს არცთუ ცუდი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა და შეხვედრა ფრედ, 13:13 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო ქოიავა გახდა.

‘ხვამლს’ 32 ქულა მოუგროვდა და მე-4 ადგილს ინარჩუნებს, ლელო’ კი 23 ქულით მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა, თუმცა მისი კონკურენტები მე-13 ტურის შეხვედრას ხვალ გამართავენ. შეგახსენებთ, 16 თებერვალს ‘ყაზბეგი’ ‘ტაოს’ 14 საათზე „ავჭალაზე“ ეთამაშება, ხოლო 16 საათზე რუსთავში ‘ხარები’ ლიდერს, ქუთაისის ‘აიას’ ერკინება.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი