რაშმა ზედიზედ მესამე მატჩი, ამჯერად გურჯაანში მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა » სპორტის ხაზი

რაშმა ზედიზედ მესამე მატჩი, ამჯერად გურჯაანში მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა

რაშმა ზედიზედ მესამე მატჩი, ამჯერად გურჯაანში მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა
დღეს, 00:37
Aa Aa
გაზიარება:

საკალათბურთო კლუბი “რაში” სუპერლიგის აღმოჩენაა. გუნდმა, რომელმაც სუპერლიგა 3 მარცხით დაიწყო და სპეციალისტთა აზრით “ა” ლიგაში დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, უკვე 6 მოგება მოაგროვა და უმაღლესში დარჩენის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვიტა. მიმდინარე სუპერლიგის მე-6 მატჩი რაშმა დღეს, გურჯაანში, ერთ-ერთ მოწინავე გუნდ “დელტასთან” მოიგო. ამ და წინა ტურში მარცხის შემდეგ გურჯაანული კლუბი მოწინავე აღარ არის. “დელტას” სწორედ “რაში” გაუთანაბრდა და ორივე მათგანს 6-6 მოგებ-წაგება აქვს, რა შედეგითაც გორის “ივერიონთან” ერთად ცხრილის IV-VI ადგილებს იყოფენ.

გურჯაანში მოგება იოლი საქმე როდია. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი “დელტას” მისსავე მოედანზე დამარცხებას ბევრი მოწინავე გუნდი ვერ ახერხებს. “რაშმა” ეს შეძლო და თან ისე, დიდი ბრძოლა და ჯახი გადაიტანაო, ვერ ვიტყვით. “რაშის” წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალი მთავარი მწვრთნელია. მამუკა ტურაშვილმა გუნდი 10 დეკემბერს ჩაიბარა, რის შემდეგაც სუპერლიგაში 8-დან 5 შეხვედრა მოიგო. ბოლო 3 მატჩში “რაშმა” დიდი ამბიციის მქონე გუნდები – “ივერიონი”, თსუ და “დელტა” დაამარცხა.

გურჯაანში დღს გამართული მატჩის პირველი პერიოდი “რაშმა” 11 ქულით მოიგო, რის შემდეგაც დაიწყო გურჯაანელთა სამდევრო სამუშაოები, რომელიც წარმატებით მესამე პერიოდში დასრულდა, როცა “დელტა” ჯერ გაუთანაბრდა “რაშს”, შემდეგ კი გადაასწრო – 66:63. სწორედ ამ დროს, როცა მასპინძლებმა ჩათვალეს, რომ მეტოქის თამაშს გასაღები მოარგეს, სტუმრებმა 12-ქულიანი გაქცევა მოაწყვეს. 3 წუთში ანგარიში “რაშმა” წაიყვანა, რომელიც 12:0 გაქცევის შემდეგ 75:66 დაწინაურდა.

მოპოვებული უპირატესობა სტუმრება ხელიდან აღარ გაუშვეს და საქმე გამარჯვებამდე ისე მიიყვანეს, მეტოქე 6 ქულაზე ახლოს აღარ მიუშვეს. საბოლოოდ “რაშმა” 95:84 (სტატისტიკა) გაიმარჯვა, რაც უმეტესწილად ქართველი კალათბურთელების დამსახურებაა. 21-21 ქულა მიითვალეს ლაშა მიქელაძემ და სერგი ნინუამ. 19 ქულა ნოდარ გოგოძის ანგარიშზეა. სამი ამერიკელიდან ყველაზე შედეგიანი ჯონ კერი იყო, რომელმაც 11 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. გურჯაანელთაგან 20 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ჯორდან სვოპშირი. 15 ქულა და 9 მოხსნა გეგი ბაქრაძემ მიითვალა, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 14 ქულა და 6 პასი დაგროვდა.

სუპერლიგის მე-13 ტურის ბოლო მატჩში “ბათუმი” ვსა-ს უმასპინძლებს.

gbf.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი