ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა და მასში ოთხი დებიუტანტია.
წლის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 1 თებერვალს 16 საათზე, თბილისში, „ავჭალაზე“ შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.
დებიუტანტებიდან სამი სასტარტო შემადგენლობაშია - კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ფრთა შალვა აფციაური და ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი, ხოლო გიორგი ხაინდრავა თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.
შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება; მესამე ხაზში კი ბექა შვანგირაძეს, ბექა საღინაძეს და ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ.
ღერძზე სასტარტო შემადგენლობაში გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა დადგებიან; ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან; ხოლო მეორე ფრთა აკაკი ტაბუცაძე იქნება.
პირველი ხაზის მარქაფაში ვანო კარკაძე, ლუკა გოგინავა და ირაკლი აფციაური არიან; მეორე ხაზში გიორგი ჯავახია შევა; ხოლო მესამეში ილია სპანდერაშვილი. 9 ნომრის შეცვლაზეა მიხეილ ალანია, ხაზს კი ხაინდრავასთან ერთად დავით ნინიაშვილი გააძლიერებს.
შვეიცარიასთან ბორჯღალოსნებს ბექა საღინაძე უკაპიტნებს, რომელიც გუნდს აქამდე სამჯერ გაძღოლია.
შეგახსენებთ, 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. ავსტრალიის საგზურს ევროპიდან 4 მოწინავე გუნდი მიიღებს, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება.