საფეხბურთო კლუბ გონიოსა და ლაზარე კუპატაძეს შორის გაუგებრობაა, რაზეც ვრცლად Geo Team წერს.
"ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობასთან მოხდა შეთანხმება, რომ ლაზარე კუპატაძე გონიოდან უნდა გადასულიყო დინამო ბათუმში. ჯერჯერობით, ლაზარეს მხრიდან გონიოს ინტერესები არ არის დაკმაყოფილებული.
წარმატებები დინამო ბათუმს მომავალ სეზონში, მაგრამ ლაზარესი რა გითხრათ" - წერს გონიოს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში.
ახლა გეტყვით ყველაფერს ქრონოლოგიურად.
- 2024 წლის სექტემბერში გონიო და ლაზარე კუპატაძე შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაფორმებაზე 2025 წლის იანვრიდან.
- ამ პერიოდის განმავლობაში გონიომ ლაზარე კუპატაძეს დაუნიშნა ანაზღაურება და მისცა საცხოვრებელი სახლი ბათუმში.
- ნოემბერში ბათუმის დინამოს მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დაუკავშირდა ლაზარე კუპატაძეს და კლუბში წაყვანის სურვილი გამოთქვა.
- ლაზარე კუპატაძემ გიორგი ჭიაბრიშვილს დაუფიქსირა, რომ მზად იყო მასთან წასულიყო, რადგან სწორედ მისი აღზრდილია და ხელახლა ერთად მუშაობის სურვილი ჰქონდა, თუმცა მთავარი მოთხოვნა, რაც ფეხბურთელს ბათუმური კლუბის მიმართ ჰქონდა, უნდა დაეკმაყოფილებინათ გონიოს ინტერესი.
- ბათუმის დინამომ დაურეკა ლაზარე კუპატაძეს და უთხრა, რომ გონიოს პრეზიდენტთან მიაღწიეს შეთანხმებას. ანუ შეეძლოთ, კონტრაქტი გაეფორმებინათ.
- ლაზარეს და ბათუმს შორის კონტრაქტი გაფორმდა.
- ამ შეხვედრის შემდეგ, გონიოს პრეზიდენტმა ლაზარე კუპატაძეს უთხრა, რომ ბათუმის დინამოს მისი ინტერესები არ დაუკმაყოფილებია. (დღევანდელ ოფიციალურ განცხადებაში ადასტურებენ, რომ დინამოსთან შეთანხმებას მიაღწიეს)
- მას შემდეგ, რაც გონიოს პრეზიდენტმა შეიტყო, რომ ლაზარე კუპატაძემ ბათუმთან კონტრაქტი გააფორმა, ფეხბურთელს დაუკავშირდა და გამოთქვა მზაობა, რომ ყველა სურვილის დასაკმაყოფილებლად მზად იყო, მასთან კონტრაქტის გაფორმებისთვის, ლაზარეს გიორგი ჭიაბრიშვილთან, ეროვნულ ლიგაში მუშაობა სურდა.
ეს არის სრული ინფორმაცია", - წერს Geo Team.