გუშინდელი დღიდან მოყოლებული აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლი ზამთარშივე უნდა დატოვოს, მასთან ყველაზე ახლოს კი პარი სენ-ჟერმენია.
აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მისცეს იტალიასა და საქართველოში, ყველაფერი კი ინფორმაციის ნაკლებობაში ან მის არასწორად გაგებაშია.
საქმე ისაა, რომ ახლა ნაპოლი ყველაფრის ხვიჩა კვარაცხელიასთვის გადაბრალებას ცდილობს. თითქოს ქართველმა ფეხბურთელმა ყველაფერს ხაზი ერთი ხელის მოსმით გადაუსვა და კლუბის შუა გზაზე მიტოვება სურს, არადა ნეაპოლში იმაზე არ საუბრობენ თუ რამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდა ქართველი ფეხბურთელი ადამიანური დამოკიდებულებით შესაფერისი საკონტრაქტო პირობების მიღებას.
ახლა საქართველოში ყველა ხვიჩას მხარეს იჭერს, იტალიაში კი ნაპოლის. ფაქტი, რომ ნეაპოლში კვარას მიმართ ბრაზი გაიზარდა, ეს თავიდან ბოლომდე კონტეს კომენტარს შეგვიძლია დავაბრალოთ, რომელმაც თავისი სიტყვებით სიტუაცია აბსოლუტურად საპირისპიროდ წარმოაჩინა.
კონტემ თქვა, რომ ხვიჩამ წასვლა თავად ითხოვა და მწვრთნელიც ამის გამო იმედგაცრუებული დატოვა, ის კი არ ითქვა, რომ კვარაცხელიას მოთხოვნები წლობით არავინ არაფრად ჩააგდო, რამაც საბოლოოდ ეს რეალობა მოგვიტანა.