ლეგენდა იუბილარია - დღეს მურთაზ ხურცილავას 82 წელი შეუსრულდა » სპორტის ხაზი

ლეგენდა იუბილარია - დღეს მურთაზ ხურცილავას 82 წელი შეუსრულდა

ლეგენდა იუბილარია - დღეს მურთაზ ხურცილავას 82 წელი შეუსრულდა
5-01-2025, 18:26
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ქართული ფეხბურთის ლეგენდა, თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი მურთაზ ხურცილავა 82 წლის გახდა.

მურთაზ ხურცილავა 1943 წლის 5 იანვარს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დაიბადა. ის თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“. ათჯერ მოხვდა საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, აქედან ხუთჯერ – პირველ ნომრად. „დინამოს“ შემადგენლობაში ჩაატარა 371 მატჩი და გაიტანა 21 გოლი.

1965-1973 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. ნაკრებში ჩაატარა 69 შეხვედრა და გაიტანა 6 გოლი. ის გუნდის კაპიტანი გახლდათ. მურთაზ ხურცილავამ მონაწილეობა მიიღო 1966 წლის ინგლისისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე 1972 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ვიცე-ჩემპიონი გახდა. ის რევაზ ძოძუაშვილთან ერთად ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

მურთაზ ხურცილავა ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2013 წელს მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება.

არსებობს ასეთი საინტერესო ვერსია – 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონის, ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალფ რამსეის, მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. მან პელესთან და პუშკაშთან ერთად ხურცილავაც გამოარჩია.

1998 წელს გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად, მურთაზ ხურცილავა დასახელდა საქართველოს XX საუკუნის მეხუთე საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრების წევრად. 2003 წლის ნოემბერში ის ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა „ოქროს ფეხბურთელად“.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი