ქართულმა რაგბმა 2024 წლის საანგარიშო ყრილობაზე წარმატებული წელი შეაფასა. კლუბების წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებს, რომელმაც 2022 წლიდან დღემდე ტიერ1-ის ქვეყნებთან სამი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (იტალიასთან, უელსთან და იაპონიასთან) და სარაგბო გრანდებს თამაშის ხარისხით მაქსიმალურად დაუახლოვდა.
თავის მხრივ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა კლუბებს, რომელთა ჩართულობის გარეშე ბორჯღალოსნებს აღნიშნული წარმატება ვერ ექნებოდა. ასევე აღინიშნა ამ წარმატებაში სახელმწიფოს, “ქართუ ჯგუფის” და ქართული რაგბის მეგობარი კომპანიების როლი.
“ქართულმა რაგბმა, ჩვენმა ტრადიციულმა თამაშმა ლელო-ბურთმა მთელს მსოფლიოს დაანახა ქართული გენეტიკის ძალა. ისტორიულად ყოველთვის ასე იყო, ჩვენს პატარა და ამაყ ერს გამუდმებით უწევდა დიდ ქვეყნებთან, იმპერიებთან ბრძოლა და ხშირ შემთხვევაში ერთიანობითა და თავდადებით აღწევდა გამარჯვებას. სამი ისტორიული გამარჯვებით, ჩვენ მთელს მსოფლიოს დავანახეთ ქართული სული და ეს გზა აუცილებლად მიგვიყვანს მსოფლიო რაგბის მწვერვალებთან” - აღნიშნა იოსებ ტყემალაძემ.
RUGBY.GE